კლასიკური გიტარის შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსი
მესამე წელია, რაც „საავტორო სტუდია“ კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსს ატარებს. წელს კონკურსი საერთაშორისო სტატუსის მატარებელია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქვეყნიდან პროფესიონალი მუსიკოსები ესტუმრებიან. კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია „კვირა“.
დეტალებზე კონკურსის ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით ხოსიტაშვილს დავუკავშირდით.
– კონკურსი რამდენიმე წელია იმართება, რა შეცვალა საერთაშორისო სტატუსის მინიჭებამ?
– სამი წლის წინ დავიწყეთ კონკურსი. იდეა გიტარისტსა და პედაგოგს ვაჩე ლალიაშვილს ეკუთვნის. კონპოზიტორმა ნინო ჯანჯღავამ დაწერა პროექტი კულტურის სამინისტროსთვის და კონკურსი შედგა. პირველი წლიდან დღემდე ვცდილობთ, გავზარდოთ საპრიზო ფონდი. ჩვენმა წამოწყებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ისეც მოხდა, რომ მეორე წლის გამარჯვებული გიორგი ფხალაძე გიტარაზე აღარ უკრავდა და ჩვენი კონკურსისთვის განაახლა ვარჯიშები, აღიდგინა ფორმა და გაიმარჯვა.
წელს პირველად საერთაშორისო დონეზე ვატარებთ. დაინტერესებულები არიან მუსიკოსები ეგვიპტიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან და ბელორუსიიდან. ვფიქრობთ, რამდენიმე მათგანი კონკურსს პირადად დაესწრება. გვესტუმრებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე მუსიკოსებიც. წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა და 3000 ლარს შეადგენს. ასევე საკუთარ პრიზებს აწესებს „მუსიკის სახლი“ . საქართველოს კამერულმა ორკესტრმა „სინფონიეტამ“ დააწესა შემდეგი პრიზი – ისინი თვითონ შეარჩევენ მუსიკოსს ფინალური კონცერტიდან, რომელთანაც მიმდინარე წლის განმავლობაში დაუკრავენ.
– გაქვთ თუ არა მონაწილეებისთვის სპეციალური მოთხოვნა?
– დაიწერა ნაწარმოები, რომელიც აუცილებლად ყველა მონაწილემ უნდა შეასრულოს. სპეციალური მოთხოვნა მხოლოდ ეს გვაქვს.
– ვინ არიან კონკურსის მონაწილეები?
– პროგრამა არის ისე შედგენილი, რომ მოყვარული და არაპროფესიონალი მონაწილეობას ვერ მიიღებს. ძალიან რთული დასაკრავია. არ გვინდა კონკურსი გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდეს და გვსურს, რომ საშემსრულებლო დონე იყოს მაღალი. ამას მაქსიმალურად ვინარჩუნებთ.
– აქვს თუ არა კონკურსს რაიმე კონკრეტული დატვირთვა?
– ჩვენი მიზანია კლასიკური გიტარა ისევ დავაბრუნოთ. ძალიან პოპულარული იყო 80-იან წლებამდე, შემდეგ მოხდა დიდი წყვეტა. 90-იანებში ცოტა უკრავდა და ვინც უკრავდა, ისინი საზღვარგარეთ წავიდნენ. გვინდა ამის დაბრუნება-აღდგენა. აკადემიური მუსიკის ხელახლა პოპულარიზაცია. იმედი გვაქვს ჩვენს ქართველ მუსიკოსებს, ვინც საზღვარგარეთ არიან, საქართველოში დავაბრუნებთ.
– რამდენი ეტაპისგან შედგება კონკურსი?
– გვაქვს სამდღიანი ტური. კონკურსი 19 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნება. დასკვნითი გალაკონცერტი კი 22 ოქტომბერს გაიმართება. საღამოზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან. კლასიკური გიტარის შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსს „საავტორო სტუდია“ ახორციელებს, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.
ნინო ჯაჯანიძე