უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები ხელისუფლებას სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნას სთხოვენ
15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეა. თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანის სიმბოლოა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიმეგობროთ” წარმომადგენელმა გია ჯვარშეიშვილმა და უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელმა მაცაცო ხაჭაპურიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
როგორც უფლებადამცველმა გია ჯვარშეიშვილმა განმარტა, აუცილებელია უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების გარემოსთან ადაპტაცია მოხდეს და მათ ინკლუზიური განათლების მიღების საშუალება მიეცეთ.
გარდა ამისა, ჯვარშეიშვილის განცხადებით,უმნიშვნელოვანესია ბრაილის შრიფტის სტამბის შექმნა და უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის ამოქმედება.
„ თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების სიმბოლო და სივრცეში ორიენტაციის, შესაბამისად, დამოუკიდებლი ცხოვრების შეუცვლელი ატრიბუტია. ბენეფიციარისთვის მისი გამოყენების შესწავლა სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრებში ხდება, იქვე ისწავლება კომპიუტერული ხმოვანი პროგრამების თუ ბრაილის შრიფტის გამოყენება, ასეთივე ცენტრებში საყოფაცხოვრებო და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ- ჩვევები განვითარდება. მსგავსი ცენტრის ამოქმედება დღემდე უმთავრეს გამოწვევად რჩება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, პირდაპირ მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას. ჩვენი მიზანია უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის მსგავსი ცენტრის შესაქმნელად, საზოგადოების მხარდაჭერა მოვიპოვოთ“,- განაცხადა გია ჯვარშეიშვილმა.
ფიზიკური გარემოს ადაპტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა უსინათლოთა კვაშირის წარმომადგენელმა მაცაცო ხაჭაპურიძემ. როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, იმის გამო, რომ გარემო უსინათლო ადამიანებისთვის ადაპტირებული არ არის, ის დამოუკიდებლად ქალაქში გადაადგილებას ვერ ახერხებს.
„ მნიშვნელოვანია შესრულდეს კონვენციით გათვალისწინებული ნორმები, უნდა მოხდეს ფიზიკური გარემოს ადაპტირება, რომ უსინათლოებმა დამოუკიდებლად შევძლოთ გადაადგილება, როგორც ეს საზღვარგარეთ ევროპის ქვეყნებშია შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო შემწყნარებლები ვიყოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და არ იყოს გაკვირვება და გაოცება, როცა ამა თუ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ხედავენ, იქნება ეს ეტლით მოსარგებლე, უსინათლო თუ სხვა“, – განაცხადა მაცაცო ხაჭაპურიძემ.