საქართველოს ტრადიციული კულტურული ღირებულებების გამოფენა გაეროს სპეციალიზებულ უწყებაში გაიხსნა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების რიგით 55-ე ასამბლეის ფარგლებში, ქართული ანბანისა და ღვინის ჭურჭლის, ნაციონალური სამოსის, ჩვენი ქვეყნის უნიკალური ლანდშაფტის ამსახველი ფოტოების, არქეოლოგიისა და ოქრომჭედლობის სამუზეუმო ნიმუშების – ქვეყნის მთავარი კულტურული ღირებულებების გამოფენა მოეწყო. გამოფენა ისმო-ს გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საზეიმოდ გახსნეს. ცერემონიაზე 188 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი იყო მოწვეული. სტუმრებმა ანსამბლ “რუსთავის“ შესრულებით ქართული პოლიფონია მოისმინეს, ასევე ნაჩვენები იყო მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“. გამოფენაზე უცხოელ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული ყველი და ტკბილეული დაეგემოვნებინა.
გამოფენა ისმო-ს საგამოფენო სივრცეში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ქართული ანბანი ისმო-ში მუდმივ მოქმედ ექსპოზიციად დარჩება.