ფრანკფურტში ქართული სტენდი გაიხსნება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგება.
ეროვნული სტენდის კონცეფცია და ბაზრობაზე წარსადგენი პროგრამა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველ გამომცემლებთან ერთად შეიმუშავა.
განახლებულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი, მათ შორის ახალი გამოცემები და ქართველი გამომცემლობების უახლესი წიგნები. ასევე გაიმართება გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმატის არაერთი ლიტერატურული ღონისძიება, ქართველი ავტორებისა და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილი სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.