„ბერლინალეს“ დირექტორი დიტერ კოსლიკი თბილისს პირველად ეწვევა
თბილისს სამუშაო ვიზიტით პირველად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი, დიტერ კოსლიკი ეწვევა. მასთან ერთად საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორი – ნიკოლაი ნიკიტინი ჩამოვა. „ბერლინალეს“ დირექტორმა სურვილი გამოთქვა, თავად ნახოს საქართველო, გაეცნოს ადგილობრივ კულტურას, გაესაუბროს სახელმწიფო პირებს და კინოსექტორის წარმომადგენლებს.
დღეს სამუშაო შეხვედრას დიტერ კოსლიკი 11 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან – მიხეილ გიორგაძესთან გამართავს. გერმანელი სტუმრის ვიზიტი თბილისში მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდება. ნიკოლაი ნიკიტინი კიდევ 3 დღის განმავლობაში დარჩება და ფესტივალისთვის შესარჩევად ახალ ქართულ ფილმებს ნახავს.
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან უკვე 10 წელია აქტიურად თანამშრომლობს. ფესტივალის წარმომადგენლები კინოცენტრის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით 2011–2012 წლებში თბილისშიც იმყოფებოდნენ. მიზანი ახალი ქართული კინოპროდუქციის გაცნობა იყო.