რამდენ ლარს მიიღებს დავით საგანელიძე ხელფასის სახით „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის პოსტზე
დავით საგანელიძის განცხადებით, მას “საპარტნიორო ფონდში” გადასვლის სურვილი არასოდეს გამოუხატავს. როგორც საგანელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სამი წელია “საპარტნიორო ფონდის” ბაზაზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნას ითხოვდა.
„სანამ პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილებას არ შემიჩერებს, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა მიკავია – საქმიანობის შესაძლებლობა პარლამენტშიც მქონდა, შესაბამისად, “საპარტნიორო ფონდში” გადასვლის სურვილი არასოდეს გამომიხატავს. მეტიც, ვფიქრობდი, რომ ბატონი კოვზანაძის მმართველობისას ფონდს რეფორმირება სჭირდებოდა – სამი წელია “საპარტნიორო ფონდის” ბაზაზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნას ვითხოვ. როგორც კი მთავრობისგან მოვისმინე, რომ ფონდის რეფორმირება დაიწყება და მის ბაზაზე სახელმწიფო განვითარების ინსტიტუტი შეიქმნება, ფონდის ხელმძღვანელობის შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა“, – განაცხადა საგანელიძემ.
კითხვაზე – “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის პოსტზე ხელფასის სახით თვეში 24 ათას ლარს მიიღებს თუ არა, საგანელიძე აცხადებს, რომ მსგავსი დეტალის დასაქზუსტებლად თავი არ დაუმცირებია.
„ნამდვილად არ ვიცი, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის გასამრჯელო რამდენია, მსგავსი დეტალის დასაზუსტებლად თავი არ დამიმცირებია.
შესაძლოა, ჩემს მომავალ თანამშრომლებს ეს განცხადება არ მოეწონოთ, მაგრამ ვიცი, რომ “საპარტნიორო ფონდში” საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, რაც არასწორია.
თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი მექნება, აუცილებლად შევიმცირებ. ხელფასი და დიდი შემოსავლები რომ მდომოდა, პარლამენტში ავაწყობდი საქმეს ისე, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა გარეთაც შესამჩნევი იქნებოდა“, – აღნიშნა საგანელიძემ.