Subaru აშშ-დან 541 ათასზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

იაპონური ავტომწარმოებელი Subaru აშშ-ის ბაზრიდან 541 237 ავტომობილს უკან გაიწვევს. ამის შესახებ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა.

გაწვევის მიზეზი ავტომობილების სერტიფიკაციის ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაციაა. კერძოდ, ეტიკეტზე შეცდომით არის მითითებული ღერძის დასაშვები მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებელი (Gross Axle Weight Rating – GAWR), რომელიც განსაზღვრავს, რამდენი დატვირთვის მიღება შეუძლია ავტომობილის თითოეულ ღერძს უსაფრთხოების ნორმების ფარგლებში.

NHTSA-ის განმარტებით, პრობლემა მექანიკურ გაუმართაობას არ უკავშირდება და ავტომობილის კონსტრუქციული დეფექტი არ არის. თუმცა, არასწორად მითითებულმა მონაცემებმა შესაძლოა, მფლობელები შეცდომაში შეიყვანოს ავტომობილის დატვირთვისას, რაც გარკვეულ შემთხვევებში უსაფრთხოების რისკს ზრდის და ფედერალურ რეგულაციებთან შეუსაბამობას იწვევს.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ავტომობილების მფლობელებს სწორი სერტიფიკაციის ეტიკეტი უფასოდ გადაეცემათ ან შესაბამისი ცვლილება განხორციელდება ავტორიზებულ სერვისცენტრებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები