თბილისსა და რეგიონებში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს.
სააგენტოს ვეტერინარები მობილიზებული არიან თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავში, ახალციხეში, მცხეთაში, გორში, ბათუმში, ოზურგეთსა და ამბროლაურში.
თბილისში აქციაში ჩართულები არიან მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ცრიან როგორც თავშესაფრის ბინადარ, ასევე თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ძაღლებს და კატებს.
ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 28 სექტემბერსაც გაგრძელდება.
ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც. მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება.
ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინირებულია 203 061 ძაღლი და კატა. იძულებით აიცრა 30 282 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი, რაც შედეგზეც აისახა – 2015 წელს საქართველოში ცოფით ადამიანის დაავადების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.