“2016 წელს საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით 90 დღით შენგენის ქვეყნებში ყოველგვარი ვიზის გარეშე შევლენ”

2016 წელს საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით 90 დღით შენგენის ქვეყნებში ყოველგვარი ვიზის გარეშე შევლენ, – ამის შესახებ ევროპასთან ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო დეკემბერში დადებით დასკვნას მიიღებს, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ევროპისკენ მიმართულმა მიგრანტთა დიდმა ტალღამ, შესაძლოა, ქვეყნის ვიზალიბერალიზაციაზე იმოქმედოს.
„პრაქტიკული ნაბიჯები, რაც გადასადგმელი იყო, გადავდგით. საქართველომ დავალება ტექნიკურად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა. ამაში ეჭვი არავის ეპარება. უბრალოდ ახლა მთლიანად ვართ დამოკიდებულები იმ ხალხზე, რომლებიც თბილისში 28 სექტემბერს ჩამოვლენ. ჩვენ თუ 4 შეფასებით მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ეს რეკორდი იქნება. პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ეს შეძლო. კინაღამ სამი შეფასებითაც მივიღეთ, მაგრამ მეოთხე მაინც დაგვჭირდა. მოლდოვას კი 5 შეფასება დასჭირდა. თუ ამჯერადაც რაიმე ხარვეზი აღმოგვიჩინეს, მაშინ მე-5 შეფასებაც დაინიშნება. ამ გზიდან კი არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ასევე, მართალია, ყველანაირი დავალება შევასრულეთ, მაგრამ სხვა მიზეზებით, მაგალითად, ევროპაში მიგრაციული პროცესების გამო ეს შესაძლოა, შეფერხდეს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოგვარდება. პარლამენტისთვის საკმარისი იყო მარტო იმის თქმა, რომ საკითხი ვიზალიბერალიზაციას ეხებოდა და საქმე განსაკუთრებული ყურადღებითა და მონდომებით კეთდებოდა. ამაში უზარმაზარი რაოდენობის ხალხი იყო ჩართული, შესაძლოა, იმიტომ, რომ სხვების მაგალითი გავითვალისწინეთ, ან უვიზო მიმოსვლა უფრო მეტად გვინდა, ყველა ნაბიჯი უფრო სწრაფად და ნაყოფიერად გადავდგით, ვიდრე რომელიმე ჩვენმა წინამორბედმა ქვეყანამ, რომლებმაც იგივე გზა გაიარეს. ასე რომ, ჩვენ მათ გამოცდილებასაც ვიზიარებთ. არც ისაა დასამალი, რომ ყველა მეგობარი ქვეყანა გვეხმარება. განსაკუთრებით ბალტიისა და ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნები. ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც. მათგან ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული დახმარება მივიღეთ, რათა ვიზალიბერალიზაციის გზაზე წარმატებულები ვიყოთ,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები