ნოდარ ხადური: ციკნის ხორცი არასოდეს მიჭამია – მინისტრი მასზე არსებულ ჭორებს პასუხობს

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მას ციკნის ხორცი არადროს არ გაუსინჯავს და არც გასინჯავს, – ამის შესახებ ნოდარი ხადური “აიპრესთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ფინანსთა მინისტრი ინტერვიუში სოციალურ ქსელებსა და მედიის სხვადასხვა საშუალებებში გამოქვეყნებულ იმ ისტორიებზე საუბრობს, რომლებიც ნოდარ ხადურის ქეიფსა და დროსტარებას ეხება.
“დავიწყოთ იმით, რომ სტუმარი რომ ჩამოდის საქართველოში, ალბათ უნდა დახვდე და უმასპინძლო, მით უმეტეს თუ ჩამოდის 15 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. მიღებულია, რომ ასეთი ღონისძიებების შემდეგ მიღება იმართება, მათ უნდა გაუმასპინძლდე. სხვათაშორის მათთვის საინტერესოა ქართული სუფრა, – ტრადიციები, სამზარეულო და საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს ამას. ცხოვრებაში არ მიჭამია ციკნის ხორცი, არც შევჭამ… 25 კილო მაქვს დაკლებული. ასე, რომ თავისთავად ცხადია, გასაგებია ეხლა, რომ პიარს აქვს ძალა”, – აცხადებს ნოდარ ხადური.
“აიპრესის“ კითხვაზე, თუ საიდან ატყდა აჟიოტაჟი ციკნის ხორცის თაობაზე, ნოდარ ხადური პასუხობს:
” ალბათ, ერთ-ერთ მენიუში იყო ციკნის ხორცი, მაგრამ მე არანაირი შეხება იმ ციკანთან არ მქონია. მენიუების ამოღება… ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება.. იციან ხომ, მინისტრებად არიან ნამუშევრები, სხვა თანამდებობებზე და ძალიან კარგად იციან, რომ სტუმარი რომ ჩამოვა მასპინძლობა უნდა ხომ? და საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავდნენ, ზოგს ბიუჯეტიდან და ზოგს ისე. უკაცრავად სლენგს გამოვიყენებ “შეწერილი” სუფრიდან. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, ძალიან ღიად გამჭვირვალედ ვაკეთებთ, ბოლოს ერთ-ერთი მიღების მენიუ წინასწარ გამოვაქვეყნეთ და მერე რაზე გაგვაკრიტიკეს იცით? ოლივიე რატომაა სუფრაზეო. ვიღაცა გამოიყვანეს დიდი ექსპერტი, რომელმაც ბრძანა, რომ ოლივიე რუსული საჭმელია და არ უნდა იყოს სუფრაზეო. ციკანი რომ ვერ იპოვეს, მერე ოლივიეს მიადგნენ“ – დასძენს ფინანსთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები