რუსეთში საერთაშორისო ზარისთვის 8-იანის ნაცვლად 0-ის აკრეფა იქნება აუცილებელი
2017 წლიდან რუსეთი საერთაშორისო სატელეფონო ინდექსებზე გადადის. ამის შემდეგ 8- იანის ნაცვლად მობილურზე დასარეკად 0-ის აკრეფა იქნება აუცილებელი, ხოლო საზღვარგარეთ დასარეკად – 00.
პრეფიქს 0-ზე გადასვლა კავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილებისას ნომრის აკრეფის პროცედურის გასამარტივებლად და ასაკრეფი ციფრების რაოდენობის შესამცირებლად“.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 0-ზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2006 წელს იყო მიღებული. თავდაპირველად ამისთვის ოპერატიული სამსახურები 01, 02 და 03-დან 101, 102, 103-ზე გადაიყვანეს და ამ სამსახურებისთვის საერთო ნომერი – 112 დააწესეს.
საქართველოში საერთაშორისო ზარის განსახორციელებლად 00 ინდექსი 5 წლის წინ შემოიღეს.