“კახელმა გლეხმა მეზობლის ვენახი სპეციალურად “რუსთავი-2″ -ისთვის გაჩეხა” – „ალია“ დოკუმენტს აქვეყნებს
გელა გრიშენკომ არა საკუთარი, არამედ მეზობლის – მარუსა დოლენჯაშვილის ვენახი – სულ 20 ძირი ვაზი, მხოლოდ “რუსთავი 2”- სთვის გაჩეხა, – ამის შესახებ გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში წერს. გამოცემასთან ინტერვიუში მარუსა დოლენჯაშვილი ადასტურებს, რომ ვენახი ნამდვილად მას უკუთვნოდა.
მეტიც, მისი თქმით, აღნიშნული ვენახის გაჩეხვა გეგმაში ჰქონდათ, რადგან მასში გაშენებული ვაზი დაბერდა და კარგ მოსავალს აღარ იძლეოდა. ამასთან, გაზეთი “ალია“ აქვეყნებს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ გელა გრიშენკომ მეუღლესთან, ნატალია მუქთიაშვილთან ერთად, ცოტა ხნის წინ 4 ტონა ყურძენი ჩააბარა.
გამოცემა გელა გრიშენკოს დედის – ნუნუ გრიშენკოს შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ის გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან – გიორგი ღვინიაშვილთან დაახლოებული პირი და “ნაციონალების” კოორდინატორია.
“რუსთავი – 2” ტელევიზიაა, რომელიც არა მხოლოდ კონცერტებს მართავს რეგიონებში, არამედ სპეკტაკლებსაც დგამს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. 22 სექტემბერს, როცა კახელებს ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი, ასე თუ ისე, უკვე დაბინავებული აქვთ, ამ არხზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ვნახეთ, როგორ ჩეხს “საკუთარ” ვენახს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები გელა გრიშენკო (ქსენოფობიაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ მაინტერესებს, გრიშენკო როდის აქეთ გახდა კახელი მევენახე?).
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყურძნის ჩასაბარებელ ქარხანასთან რიგში რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი დაპირებული 70 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გადაუხადეს (ოოო… ეს დანაშაულია, მაგრამ ვენახმა რა დააშავა?).
გრიშენკო აცხადებს, რომ ქარხანა მას 1800 ლარს უხდის, რომელიც ბანკიდან აღებული კრედიტის დაფარვას არ ეყოფა“, – წერს გაზეთი „ალია“ და გრიშენკოს სიტყვებს იმოწმებს: “მე რასაც ვაკეთებ, ამას ფაშისტიც არ გააკეთებს. ათი რიგი უკვე გაჩეხილი მაქვს, დანარჩენებიც უნდა გავჩეხო. მე ვალები იმის იმედზე ავიღე, რომ ყურძენი 1 ლარზე ნაკლები არ იქნებოდა, მაგრამ ერთი ლარიც არ გადაგვიხადეს”.
„დიახ, რაც გრიშენკომ იკადრა, ამას ფაშისტებიც არ კადრულობდნენ, – განაგრძნობს სტატიის ავტორი, – ისინი პირდაპირ მოდიოდნენ, ქურდულად არ იპარებოდნენ სხვის ვენახებში და არც ჩეხდნენ, უბრალოდ, ხან ვერ იცლიდნენ, ხან კიდევ ეზარებოდათ. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გელა გრიშენკოს ჰყავს დედა, ნუნუ გრიშენკო, რომელიც გახლავთ გურჯაანის მაჟორიტარ, გიორგი ღვინიაშვილთან დაახლოებული პირი და “ნაციონალების” კოორდინატორი.
ქალბატონი ნუნუ გიორგი ღვინიაშვილს პარლამენტშიც ჰყავდა მიყვანილი, როცა რთველთან დაკავშირებით კახეთში აქციები იმართებოდა – შეხედეთ სურათს და თავადაც დარწმუნდებით. კი, ბატონო, ამაში გასაკვირი არაფერია, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს – მღვდლის ცოლი, მაგრამ გაუმარჯოს სიმართლეს: მას შემდეგ, რაც გელამ თავის მეუღლესთან, ნატალია მუქთიაშვილთან ერთად 4 ტონა ყურძენი ჩააბარა (იხ. დოკუმენტი), რაც, კილოგრამს 60 თეთრზე თუ ვიანგარიშებთ, არის 2400 ლარის და არა 1800 ლარის. მეორე და მთავარი, გელა გრიშენკომ გაჩეხა არა საკუთარი, არამედ მეზობლის, მარუსა დოლენჯაშვილის ვენახი, სულ 20 ძირი, მხოლოდ “რუსთავი 2”- სთვის. ამას ადასტურებს თავად ქალბატონი მარუსა “ალიასთან” საუბარში“,- წერს გაზეთი “ალია“ და მარუსა დოლენჯაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. დოლენჯაშვილი ამბობს, რომ ვენახიდან, რომელიც გელა გრიშენკომ გაჩეხა, ყურძენი აგვისტოში დაკრიფეს, ვაზის გაჩეხვა კი ისედაც ჰქონდათ გეგმაში.
“ეგა გვქონდა ადრეულა ვენახი, აგვისტოში მორჩა მაგის კრეფა. დაძველდა, დაბერდა ვაზი და ჩვენ თვითონ ვაპირებდით გაჩეხვასა. ვაზი სუ აქეთ-იქით იყო წაქცეული. ვიღაცები მოუყვანია, ერთი ამბავი ყოფილა, გადაუღიათ, ტელევიზორშიც ყოფილა. ეგ ჩვენი ვენახია, გრიშენკო ჩვენი მომიჯნეა. რამე არი სადაო? მაგან ახალი გააშენა, იმას როგო გეეკარებოდა? მე არა ვდაობ, ეგ მაინც გადასაჭრელი იყო“, – აცხადებს მარუსა დოლენჯაშვილი.
“დიდი მადლობა გელა გრიშენკოს ჩვენგან, როგორც მარუსა ბებომ გვითხრა, ამჟამად ცუდადაა, წევს, ფეხზე ძლივს დგება… არადა, 20 ძირის მოშორებაც დიდი შეღავათია მისთვის. სხვათა შორის, სხვისი ქონების ხელყოფა კანონით ისჯება, მაგრამ ამჯერად გრიშენკოს ასე გამოუვიდა: ბევრი ვეცადე ჩემთვისა, გამომივიდა შენთვისაო. ისე, ერთიც უნდა ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანმა იკადრა ის, რასაც ფაშისტებიც არ კადრულობენ, ეს მაინც არ ამართლებს ხელისუფლებას – თუ მომავალ წელს ყურძნის ფასებს თავს არ დაანებებს, უარესი სპექტაკლები დაიდგმება. დაჰპირდი? მაშინ შეასრულე, მიეცი 1 ლარი, რომ მეზობლებმა ერთმანეთის ვენახები არ გაჩეხონ!“,- წერს სტატიის ავტორი.