გოგა ჩანადირი – პირადი ჩანაწერები

  “ბედნიერება ვიღაცის გულში ჩაკვრაა, ისე თითქოს, მთელი სამყარო გაქვს ჩახუტებული”

„ძნელია ადამიანობა… იგი თითქოს ცალკე ნიჭია და ამიტომაც პატივმოყვარე კაცი ტყუილად შეეჭიდება,
ტყუილად მიითვისებს და მიისაკუთრებს. ადამიანობა ნიჭია, ნიჭია ღვთისაგან ბოძებული, შეუქცევადი და გამოუცნობი“ (ბ.ხარანაული)”.

მახსოვს, 2000 წლის აპრილში ჟურნალისტის პროფესიას ფოპორეპორტიორობაც შევუთავსე „დილის გაზეთში“, მას შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით, რომელიც საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ჩემი წუხილის, ემოციის, ტკივილის, სიხარულის, ჩემი ქვეყნის სიყვარულის გადმოსაცემად… ჩემს წარმოსახვაში საქართველო ძალიან ლამაზია, ის თეთრია, სპეტაკი, დედოფალია – ტანადი, თავმომწონე, პრანჭია… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საუკუნეს მოიცავს, ჭაღარა არ არის, მისი ისტორია უძველესია, მაგრამ როგორც სახელმწიფო, ის ძალზე ახალგაზრდაა…     1292811_655904567779510_218664857_oღმერთმანი, კარგად ვარ, მუშაობის განწყობაზე… ირიჟრაჟებს თუ არა, კიდევ ერთხელ, სიამოვნებით ვეზიარები ბუნებისგან ნაბოძებ სინათლეს და ახალ ფერს – ფოტოგრაფიაც ხომ სწორედ ესაა… ენერგიით სავსე ვხვდები დილის რიჟრაჟს. ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, მაქსიმალურად მოწესრიგებული, დალაგებული, დაფიქრებული, მიყვარს ფიქრი…
ბევრისთვის ალბათ უცნაურია ჩემი ქმედებები -კანონმორჩილება, მაღალი სამოქალაქო კულტურა, ქართული ენის სიყვარული, ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემა, გარემოს დაცვა და მოფრთხილება, მოთმინების უნარი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ჩემთვის და ვთვლი, რომ სწორედ ესაა ქვეყნის სიყვარული..
უსაზღვროდ მიყვარს ადამიანები, მათზე ზრუნვა, განწყობის ამაღლება, სითბოს და სიყვარულის გაზიარება დიდ ბედნიერებას მანიჭებს… ჩვენი საზოგადოება ძალიან ჭრელია, თუმცა ის ჩემთვის  ნაცრისფერია… მაფიქრებს მათი უიმედობა – ნიჭსა და შემართებას აფერხებს… მოთმინების უნარი, შინაგანი კულტურა, სამწუხაროდ, ძალზე დაბალია. ჩვენი ერი კი, მართლაც, რომ ნიჭიერია…
„რა არის ბედნიერება? – იმ სამყაროს აღმოჩენა, რომელიც მთელ ამ სიდუხჭირეს დაგავიწყებს, ვიღაცის გულში ჩაკვრა, ისე თითქოს, მთელი სამყარო გაქვს ჩახუტებული“ (ორჰან ფემუქი), – სიკეთის კეთება, გულწრფელი ღიმილი, გვერდში დგომა, სახელმწიფოს წარმატება, იმ ტრადიციების შენარჩუნება, რაც ჩვენს გენს გადაარჩენს – ესაა ჩემთვის ბედნიერება… მე იდეალისტი ვარ, ოპტიმისტი, ჩემი სამყარო ღია ფერებითაა მოცული. შემოდგომა მიყვარს, შედეგის მიღების დროა, ჩემი საყვარელი ტონებით – მწვანე და ლურჯი –  შეფერილი.
1780220_656791081024192_1763111773_oქალი – თოლიაა, თავისუფლების მოყვარული, მარადჟამს მზადყოფნაშია, გაილაღოს, თავად მოინადიროს სასიცოცხლოდ საჭირო საზრდო. თოლიასავით შორიდან დასტრიალებს  შერჩეულ საკვებს, აკვირდება და მხოლოდ შემდეგ მოიპოვებს მას. ადამიანები, სამწუხაროდ, დაკარგვის შემდეგ აფასებენ დანაკარგს. იმედგაცრუება ჩემთვის მომავლის სტიმულია. არ ვარ წარსულის აჩრდილებში დარჩენილი ადამიანი, საკუთარ თავს კატას შევადარებდი, მგელიც მომწონს, თუმცა, როგორც შემგროვებელი და არა მტაცებელი… მიყვარს ნივთების შეგროვება, მოგზაურობა, სიახლეების მოყვარული ვარ, ყველაფერს განახლება და გადახალისება სჭირდება. საკუთარ თავს ვიცნობ, თუმცა სრულად ჯერ არ მიპოვია. ჩემი ოცნებები რეალისტურია, პრაგმატული, მიყვარს დღესასწაულები, საკუთარ თავსაც და  საყვარელ ადამიანებსაც ხშირად ვუქმნი განწყობას…
გიზიარებთ, ჩემს ფიქრებს, სურვილებს, ტკივილს, სიკეთეს და  სიყვარულს, რომელიც ჩემში ერთი დიდი ვარდისფერი ბუშტია,  მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, რომ არ გასკდეს ან არ გაფრინდეს…

ანა ჩანგიანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები