არჩილ გამზარდია: ბიძინა ივანიშვილთან სრულ კომფორტში ვმუშაობდი
„ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ადამიანები მის წინააღმდეგ უფრო მუშაობენ, ვიდრე სასარგებლოდ“, – აცხადებს ანალიტიკოსი, ტელეკომპანია „ჯი-დი-ესის“ გადაცემის „20/30“ -ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია. როგორც არჩილ გამზარდია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მას, როგორც გადაცემის წამყვანს, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ბიძინა ივანიშვილისგან ზეწოლა არასდროს ჰქონია. თუმცა, როგორც არჩილ გამზარდია ამბობს, გარკვეული ზეწოლას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან განიცდიდა, მაგრამ იგი კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს და არ ასახელებს.
„რაკიღა გადაცემის მთავარი პროდიუსერი ვიყავი, საჭიროდ არ ვთვლიდი, ვინმესთან რაღაცები შემეთანხმებინა. როგორც ჩანს, ჩემმა ასეთმა დამოკიდებულებამ ზოგიერთები გააღიზიანა, თუმცა, გულწრფელად გეუბნებით, არცერთი ზარი ან შენიშვნა ივანიშვილსგან არ ყოფილა, არასოდეს უთქვამს, გადაცემაში ეს არ თქვა ან თქვიო. ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, ამ ადამიანის მისამართით უსამართლო კრიტიკა წამოვიდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ბიძინა ივანიშვილთან სრულ კომფორტში ვმუშაობდი“, – აცხადებს არჩილ გამზარდია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან საქმიან ურთიერთობებს იხსენებს. „პარადოქსია, დღეს მედიის თავისუფლებაზე „ნაციონალები“ რომ ლაპარაკობენ, რომელთა ბევრი წარმომადგენელიც, წესით, მუცელში ენაჩაგდებული და თავდახრილი უნდა დადიოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ტელეკომპანიაა და გადაცემის დახურვისას მეტი სიფაქიზეა საჭირო, რადგან ლოგიკურად გაჩენილ ეჭვებს შემდეგ „ნაციონალები“ ახმოვანებენ, რომლებსაც, გინდა თუ არ გინდა, უნდა დაეთანხმო. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, როგორც თანაწამყვანმა გადაცემაში თავისი ფუნქცია ამოწურულად მიიჩნია, იდეალურ ნოტაზე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. აღფრთოვანებული იყო ჩემით, ასევე მუშაობით.
ძალიან ბევრს ვაკვირდებოდი ამ ადამიანს, მის ქცევებს, შეხედულებებს. ივანიშვილის ფსიქოტიპი თუ სწორად გამოვიცანი, ასე მარტივად ხელისუფლებაში არ დაბრუნდება. მას თავისუფლება და ნაკლები ვალდებულებები ხიბლავს. ასევე ნაკლებად მგონია, რომ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყოს. ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ უაღრესად კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება. ბიძინა ივანიშვილი სიამოვნებით იხსენებდა იმ პერიოდს, როდესაც მას ვიზუალურად ვერავინ ცნობდა და ქუჩაში თავისუფლად დადიოდა. ხომ ხედავთ, წამოიწყო რაღაცები და მერე სხვებს გადააბარა, იმ სხვებმა აურიეს. ძალიან დიდხანს აანონსებდა სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, პირადად იყო ჩართული ამ პროცესში, გაფაციცებით უსმენდა ათეულობით ადამიანს, დღეს კი ეს საზოგადოება პარალიზებულია. ჩემი კეთილი რჩევა იქნება – მმართველმა ძალამ ადამიანური რესურსებს კარგად გადახედოს!“ – აცხადებს არჩილ გამზარდია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.