როგორ დაინიშნა მაია მიმინოშვილის ვაჟი ტურიზმის ადმინისტრაციაში წამყვან თანამდებობაზე

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საკუთარ ვაჟს ერთ თვეში ბიუჯეტიდან 2 700 ლარი გადაუხადა.
ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს და მაია მიმინოშვილს ნეპოტიზმში ამხელს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მაია მიმინოშვილმა საკუთარი ვაჟი ალექსანდრე ყანჩაველი თავის უწყებაში დაასაქმა და საკმაოდ სოლიდური გასამრჯელოც გამოუწერა.
თავად მიმინოშვილის ფინანსურ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ალექსანდრე ყანჩაველი გახლდათ ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი, სადაც მან შრომის ანაზღაურების სახით 2700 ლარი აიღო. თუმცა ამავე დეკლარაცითი ირკვევა, რომ ყანჩაველი ამჯამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა, სადაც ხელფასის სახით 9143 ლარი აქვს აღებული. სტატიის ავტორმა ყურადღება ერთ ფაქტზე გააახვილა, თუ როგორ გადაინაცვლა ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორობიდან მაღალ თანამდებობაზე ალექსანდრე ყანჩაველმა. „ყანჩაველმა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე გადაინაცვლა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საქმეში, პირველი არა, მაგრამ მეორე კაცია“,- წერს ავტორი.
როგორც „პრაიმტაიმს“ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ალექსანდრე ყანჩაველი მათი თანამშრომელი არ არის. მათი ინფორმაციით, ყანჩაველს დროებითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომელიც საგამოცდო პერიოდს მოიცავდა. ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ყანჩაველი ტექნიკური პერსონალი იყო, კერძოდ, ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრატორის დამხმარე.
„მით უფრო საკვირველია, ისეთი რა დახმარება გაუწია ბათუმის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს, რომ მას ერთ თვეში 2 700 ლარი გამოუწერეს. ასევე საინტერესოა, როგორ გახდა ბათუმის საგამოცდო ცენტრის „ტექნიკური პერსონალი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე“,- წერია სტატიაში.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტეს, ალექსანდრე ყანჩაველი ადმინისტრაციაში წამყვან პოზიციაზე ნამდვილად მუშაობს, თუმცა არა ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ. მათი ინფორმაციით, ყანჩაველი ტურიზმის ადმინისტრაციაში საინფორმაციო მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს.
აღსანიშნავია ისიც, სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ მაია მიმინოშვილმა საკუთარ დეკლარაციაში შვილის თანამდებობა არასწორად მიუთითა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები