რატომ ჰკიდია საპატრიარქოს მისაღებში მარტორქის ფიტული?!

რატომ ჰკიდია საპატრიარქოს მისაღებში მარტორქის ფიტული?! – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
მასალის ავტორის ცნობით, თუ როგორ მოხვდა მარტორქის ფიტული საპატრიაროქში, ამის შესახებ მას სამი სხვადასხვა ვერსია უამბეს.
„საწყალი ცხოველის ფიტული (კონკრეტულად კი, მისი თავი) საპატრიარქოს ერთ-ერთ კედელზე, მარიამ ღვთისმშობლის ხატის გვერდით ეკიდა… „ეკიდა“-ს წარსულ დროში იმიტომ ვწერ, რომ ამ დროისთვის არ ვიცი, ისევ ამშვენებს თუ არა ეს ძვირად ღირებული ფიტული საპატრიარქოს მისაღებს და ეს იმიტომ არ ვიცი, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელ სოსო ტყებუჩავასგან წესიერი კომენტარი ვერ მივიღე… ამ „სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს შინაარსის ფოტო სოციალურ ქსელში პირადად ვნახე და ცოტა არ იყოს დავიშოკე… ერთ-ერთ სურათზე, ცენტრში, ღვთისმშობელი მარიამის დიდი ხატია დაბრძანებული, მის გვერდით, კედელზე, მარტორქის ფიტული პროფილში “იწონებს“ თავს, იქვე კი ტყავის დივანზე ჩამომსხდარი სამი პიროვნება ჩანს, რომელთაგან ორი სასულიერო პირია… საპატრიარქოს შენობის ერთ-ერთ კედელზე დაკიდებული მარტორქის ფიტულის ფოტო ჩემი პირადი ფეისბუქის გვერდზე დავდე აღშფოთებული სათაურით, რასაც მოსახლეობის აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა. რამდენიმე პიროვნებამ კი პირადად მომწერა ამასთან დაკავშირებით და ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი მომიყვა“.
ამბავი N1 ასეთია: “მარტორქის თავი ნამდვილად საპატრიარქოშია, პატრიარქს ეს საჩუქარი, თუ არ ვცდები, ირანის სულიერმა მოძღვარმა გამოუგზავნა პატივისცემის ნიშნად და, როგორც ვიცი, მალე გადაიტანენ მას მცხეთაში, საწყობში და იქ შეინახავენ. უბრალოდ როდესაც საჩუქარს გიგზავნიან, ვალდებული ხარ, მიიღო, პროტოკოლი ითვალისწინებს ამას და ვინაიდან მალევე უნდა წაეღოთ მცხეთაში, მაგიტომ პირველ სართულზე დაჰკიდეს დროებით“.
ამბავი N2 – დაახლოებით 3-4 წელი იქნება, რაც ეგ ფიტული საპატრიარქოში ჰკიდია. სანამ დაჰკიდებდნენ, უკვე ტრაბახობდნენ, ძალიან ძვირი ღირსო. ჩემი ინფორმაციით, მასში 600 000 ლარი გადაიხადეს. ის საპატრიარქოს შესასვლელში ჰკიდია.
N3- მარტორქის ეს ფიტული ვინმე ბაკურ გოგიტიძემ ჩამოიტანა საქართველოში. განბაჟება ვერ ხერხდებოდა, რადგან კონტრაბანდა იყო და რაღაც გზებით საპატრიარქოს გადასცეს. გოგიტიძე დღემდე დადის აფრიკაში, მას მეტსახელიც აქვს -“ბაკას“ ეძახიან და ის საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. დღემდე ამაყობს, რომ მან შესწირა საპატრიარქოს მარტორქის ძვირად ღირებული ფიტული“,- წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები