ინფექციური საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იტევს – არის თუ არა ეპიდემიის საფრთხე თბილისში

უკვე რამდენიმე კვირაა თბილისში არსებულ ინფექციურ საავადმყოფოებთან პაციენტების რიგი არ წყდება.
პაციენტების სიმრავლის მხრივ მძიმე სიტუაციაა როგორც ბავშვთა, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში.
მალავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიას? – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინტერვიუს ურთავს.
„ის, რაც ხდება, არ არის ეპიდემია. ეს არის ნაწლავური ინფექციების სეზონური მატება. სწორედ ამ პერიოდში მატულობს ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები“,- განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.
როგორც გამოცემა წერს, ინფექციურ საავადმყოფოებში ბავშვთა ასაკი 4 თვიდან 15 წლამდე მერყეობს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მშობელი ეთერ კუხაშვილი ყვება, სამი ბავშვი ფაღარათით, მაღალი სიცხითა და გულის რევით სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანიდან ჩამოიყვანა. მისი თქმით, ბავშვებს დიზენტერიის დიაგნოზი დაუსვეს, რის მიზეზადაც სასმელ წყალსა და ჭუჭყიანი ხელებით საკვების მიღებას ასახელებენ, თუმცა მშობელი მომხდარს სასმელ წყალს აბრალებს, რადგან, როგორც მან განაცხადა, სოფლის სასმელი წყალი იმდენად დაბინძურებულია, რომ უკვე თავკომბალებიც კი მიჰყვება. გამოცემასთან საუბრისას ინფექციონისტი თამარ ყუშიტაშვილი კი აცხადებს, რომ პაციენტთა რიცხვს ჯერჯერობით უმკლავდებიან. „გვაქვს საშუალებაც და საკმარისი მედიკამენტებიც, მედპერსონალიც საკმარისია. მოსულ პაციენტებს ერთი განყოფილება ემსახურება, რომელიც 27 პაციენტზეა გათვლილი“,- განაცხადა ყუშიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები