ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ჩვილს ქეთევანს დაარქმევენ

ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ჩვილს ქეთევანს დაარქმევენ – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა“ ვარკეთილში ნაგავსაყრელთან 18 სექტემბერს ნაპოვნი ჩვილის შესახებ წერს.
გამოცემასთან საუბრისას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი, სოციალური მუშაკი ნატო ჩაფიძე ამბობს, რომ ექიმების ძალისხმევით ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა გამოკვლევის დასრულების შემდეგ კი მას მიმღებ ოჯახში გადაიყვანენ.
“პატრულმა შეგვატყობინა, რომ ახალშობილი იპოვეს. გოგონა საავადმყოფოში რომ შეიყვანეს, უკვე გადაცივებული იყო. ექიმების ძალისხმევით ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა გამოკვლევის დასრულების შემდეგ მიმღებ ოჯახში გადავიყვანთ. თუ ვერ დაადგენენ მშობლების ვინაობას, მივმართავთ რეესტრს, მშობლების გარეშე დავარეგისტრირებთ ბავშვს და დაბადების მოწმობას ავუღებთ. შემდეგ ბავშვს მიტოვებულად ვაღიარებთ და დაიწყება გაშვილების პროცედურები. ჩვილი მიმღებ ოჯახში დარჩება მანამ, სანამ არ გაირკვევა სამართლებრივი სტატუსი. სავარაუდოდ, პატარა იმ დღეს დაბადებული იყო, როცა იპოვეს, ჩვენ გვყავს გადაუდებელი მიმღები ოჯახები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან. უკვე ვიცით, სად გადავიყვანთ პატარას… ვცდილობთ, ეკლესიური სახელი შევურჩიოთ. როგორც შევიტყვეთ, ჩვილის საავადმყოფოში შეყვანის დღეს მისი მკურნალი ექიმის დაბადების დღე ყოფილა და გადავწყვიტეთ მისი სახელი – ქეთევანი დავარქვათ, გვარსაც შევურჩევთ. ყოფილა შემთხვევა, როცა სოცმუშაკს თავისი გვარი მიუცია პატარისთვის“,- აცხადებს ნატო ჩაფიძე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი ბოლო დროს მომხდარი მსგავსი შემთხვევის შესახებ ყვება. მისი თქმით, ერთი თვის წინ სადარბაზოში მიტოვებული ახალშობილი ბიჭუნა იპოვეს.
როგორც ნატო ჩაფიძე ამბობს, საბედნიეროდ, ჩვილი გადარჩა, მას გაბრიელი დაარქვეს და მალე გაშვილების პროცედურები დაიწყება.
„ერთი თვის წინ ახალშობილი ბიჭუნა მიაგდო დედამ. ჭიპლარი დამუშავებული ჰქონდა, სავარაუდოდ, დედამ სამშობიაროში გააჩინა. ჩვილი სადარბაზოში იპოვეს. საბედნიეროდ, ისიც გადარჩა და ახლა მიმღებ ოჯახში იზრდება. გაბრიელი დავარქვით და მალე დაიწყება გაშვილების პროცედურები. პოლიცია ცდილობს დნმ-ის ანალიზით მიაგნოს ჩვილის დედას – ყველა სამშობიარო უნდა შემოწმდეს.
სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები ისევ ხდება. არადა, დედას სამშობიაროშივე შეუძლია უარი თქვას შვილზე, შეავსოს შესაბამისი ბლანკი და ამის შემდეგ თავისუფალია, მაგრამ პატარას მაინც ქუჩაში აგდებენ… ალბათ, იდენტიფიცირებას ერიდებიან. ვიღაც გაიგებს და ამას გაურბიან, ამიტომ სასიკვდილოდ იმეტებენ შვილებს. ეს საგანგაშოა“,- აცხადებს ნატო ჩაფიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები