მახათას მთის მიმართულებით ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი იქნება

მახათას მთის მიმართულებით ხვალ მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო, 16:00 საათიდან საპატრულო პოლიციის მიერ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ “ივერიის” ცნობით, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, შედგება.
ჯვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აკურთხებს. ჯვრის მოლოცვა თბილისში მცხოვრებ და დედაქალაქში სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩამოსულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
“საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ტაძრის მშენებლობის ფონდი “ივერიისა” ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისად განათებას და ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას”, – აცხადებენ ფონდში.
სწორედ ამ მიზნით, “ვარდების მოედნიდან”, “გადასასვლელი ხიდიდან” და მეტრო “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიიდან 15:00 საათიდან მახათას მთის მიმართულებით უფასო ავტობუსები გადაადგილდებიან.
ამასთან, 16:00 საათიდან მახათას მიმართულებით საპატრულო პოლიციის მიერ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.
“მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ, ხოლო 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, უწმინდესის კურთხევით, ერთობლივი ლოცვის შემდეგ, ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება”, – ამბობენ ფონდში.
მათივე ინფორმაციით, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ. დღეისათვის ტაძრის აღმშენებელთა წიგნში 1 200 000 სახელი და გვარია შეტანილია.
მსურველთა გაწევრიანება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები