„პროგრესული საქართველო“: საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებები მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ტოვებს

ორგანიზაცია „პროგრესული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს და ამავე სასამართლოს მოსამართლეებს გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართავს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბექა გაბუნიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ქმედებები საზოგადოებაში მიკერძოებული მართლმსაჯულების შესახებ ეჭვს ტოვებს.
გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა უგულავას საქმის დაჩქარებული ტემპით განხილვა. ორგანიზაციას, უგულავას სარჩელთან მიმართებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებისთვის უკვე გაეგზავნა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა გიორგი უგულავას სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენდამი რწმუნებულმა სასამართლომ, სხვა მოქალაქეების სარჩელებისგან განსხვავებით, ეს საქმე განსაკუთრებულად დაჩქარებული ტემპით განიხილა. ამავდროულად, თქვენი პლენუმის საქმის განხილვის მიმდინარეობას თქვენი მხრიდან თან ახლდა საკმაოდ საინტერესო პიარკამპანია, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეებში საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რამდენად ჩაჯდა თქვენი ქმედებები მიუკერძოებელი სასამართლოს საქმიანობის ფარგლებში.
ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ ანალიზი ამ კონკრეტულ საქმეზე თქვენდამი რწმუნებული სასამართლოს ქმედებების კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი წესით გთხოვთ, შემჭიდროებულ ვადებში გვაცნობოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე და ასევე მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია;
1. 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე იმ სარჩელების რაოდენობა, რომელიც გადაეცა პლენუმს განსახილველად და თითოეული სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის ვადები.
2. 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე რამდენი სარჩელის განხილვაზე მიგიწოდებიათ ინფორმაცია მედიის სხვადასხვა საშუალებისთვის, რა კრიტერიუმის მიხედვით ხდება შერჩევა, რომელი კატეგორიის საქმეზე აწოდებთ ინფორმაციას მედიასაშუალებებს და რომელზე არა, ვინ იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას.
3. 2015 წლის 16 სექტემბერს 12:00 საათზე თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ აპირებდით 17:00 საათზე გადაწყვეტილების გამოცხადებას გიორგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ჯერ განხილვაში მონაწილე მოსამართლეებს კენჭისყრის გზით არ ჰქონდათ დაფიქსირებული მოსაზრება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ საქმეებზე, სადაც წინასწარ გადაწყვეტილების გამოტანამდე აცნობეთ მედიასაშუალებებს, რომ აპირებდით გადაწყვეტილების გამოტანას კონკრეტულ საქმეზე კენჭისყრის ჩატარებამდე; ასევე გვაცნობეთ, ვინ მიიღო ამ განცხადების გავრცელების გადაწყვეტილება; რამდენად ჯდება თქვენს უფლებამოსილებაში წინასწარ მოსაზრების გამოთქმა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაშინ, როდესაც ჯერ კენჭისყრა არ არის ჩატარებული და განხილვაში მონაწილე მოსამართლეებს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
4. საქართველოს კანონის საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განხილვაში მონაწილე მოსამართლის მონაწილეობა კენჭისყრაში სავალდებულოა, შესაბამისად, ამ იმპერატიული ნორმის თანახმად განხილვაში მონაწილე მოსამართლის მონაწილეობის გარეშე პლენუმს უფლება არ აქვს, გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუ ყოფილა აქამდე შემთხვევა, რომ თქვენს წარმოებაში არსებულ რომელიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულიყო განხილვაში მონაწილე მოსამართლის კენჭისყრის მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა ბექა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ქმედებები საზოგადოებაში ცალსახად მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები