ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა – პოლიგლოტას პრინციპით დაბეჭდილი „ახალი აღთქმა“

ბიბლია პოლიგლოტის პრინციპით დაბეჭდილი „ახალი აღთქმა“ ბერძნულ, ლათინურ და ქართულ ენებზე ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ახალი გამოცემაა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წიგნი, რომელშიც „ახალი აღთქმის“ ტექსტები სამ სხვადასხვა ენაზე ერთმანეთის პარალელურადაა განთავსებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა თეოლოგებისთვის, ფილოლოგებისთვის და ზოგადად, ბიბლიური ტექსტების კვლევით დაინტერესებულ მკვლევართათვის.
გამოცემის რედაქტორია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნოდარ დუგლაძე.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ახალი გამოცემის შესახებ:
„ახალი აღთქმა“ ყველა ენაზე ერთი და იგივე ტექსტია. იგი უპირველესად არის საკაცობრიო მასშტაბის დიდებული და ამაღლებული წიგნი, რომელშიც აღწერილია ღმერთკაცის ამქვეყნად მოვლინება, მისი ადამიანური ცხოვრება, ქადაგება და მოხდენილი სასწაულები, ჯვარცმა გოლგოთაზე, მკვდრეთით აღდგომა და ცად ამაღლება. შუა საუკუნეებში არსებობდა „ბიბლია პოლიგლოტის“ ტრადიცია, რაც პარალელური ტექსტების გამოცემას გულისხმობდა. გარდა ამ განსაკუთრებულ ტექსტთან ზიარების, ადამიანები ასე ბევრად იოლად სწავლობდნენ ენებს. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემულ ამ წიგნში გვაქვს ბერძნული ორიგინალი („ახალი აღთქმა“ ბერძნულადაა დაწერილი), ლათინური ვულგატას წმინდა იერონიმესეული თარგმანი და ძველი ქართული ტექსტი, გიორგი მთაწმინდელის მიერ შესრულებული თარგმანი.
„ახალი აღთქმის“ ეს გამოცემა ნამდვილად კარგი შენაძენია განათლებული და ენების მცოდნე მკითხველისთვის, რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა, ეს ტექსტები ერთმანეთს შეადაროს. გამოცემა მნიშვნელოვანი იქნება თეოლოგებისთვის, ფილოლოგებისთვის, ბიბლიური სამყაროს მკვლევართათვის – როგორც ისტორიკოსების, ისე არქეოლოგებისთვის. მადლობას ვუხდით ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ბატონ ნოდარ დუგლაძეს გაწეული შრომისთვის და ამ მართლაც გამორჩეული წიგნის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად გამოცემისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები