„საკონსტიტუციო სასამართლო უგულავას საქმეზე პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქმედებდა“

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა, საქალაქო სასამართლოს არ აქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მხარე განიხილოს, ამიტომ გუშინდელი პროცესი უბრალოდ ფორმალობა იყო“,- აღნიშნული განცხადება, უგულავას გათავისუფლების საქმის შეფასებისას, ორგანიზაცია “პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიგუაშვილის თქმით, გუშინ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელება იყო. მისი შეფასებით, ეს იყო პროცესი, სადაც მხარეები, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოც კი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მოქმედებდა.
იურისტისთვის კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის მანძილზე უგულავას 2 სარჩელი განიხილა და საქმეზე დაჩქარებული წესით მიიღო გადაწყვეტილება. გიგუაშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავაც გააკრიტიკა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვა, დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების გამოცხადება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქმედებდა. მერაბ ტურავას გაკეთებული არადამაჯერებელი განცხადებები, ერთი მხრივ, ავადმყოფობის შესახებ, ხოლო შემდგომ განმარტება იმისა, რომ მას არ ჰქონდა საშუალება ვრცელ და მოცულობით გადაწყვეტილებას გასცნობოდა, დამატებითი სპეკულაციების საშუალებას იძლევა. ის უფლებამოსილი იყო რეალურად, რომ გადაწყვეტილების გასაცნობად და მასზე ხელმოსაწერად გონივრული ვადა მოეთხოვა, მაგრამ მას ეს თავიდანვე უნდა განეცხადებინა და არ უნდა დარჩენილიყო საზოგადოებაში ეჭვები, რომ ის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერას თავს არიდებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ იჩქარა ასე გადაწყვეტილების გამოტანა. რა სიკეთე და ღირებულება იქნა დაცული, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას არ მიეცა გადაწყვეტილების გაცნობის და მასზე ხელმოწერის საშუალება?
საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გიგი უგულავას მეორე სარჩელი განიხილა და დააკმაყოფილა. ერთი – ეს იყო 2014 წლის 23 მაისს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას გადაყენება უკანონოდ იქნა ცნობილი და ერთი წლის შემდეგ მეორე სარჩელი დაუკმაყოფილეს, სადაც მისი 9 თვეზე მეტი დროით უკანონო პატიმრობა უკანონოდ იქნა ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე არსებობს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ 2003- 2004 წლებში შეტანილი სარჩელები, რომლებიც დღემდე განხილული არ არის. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების პოლიტიკური ელფერის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს გადაწყვეტილებები საჭირო იყო“,- აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები