„რომან ფიფია გაკოტრებულია?!“

რომან ფიფია გაკოტრებულია?! – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემასთან აღნიშნულ საკითხზე კონფიდენციალური წყარო დეტალურად საუბრობს.
„რომან ფიფია – ეს გაგრელი კაცი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია!“- ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა რომან, იგივე გულადი ფიფიას მისამართით მაშინ თქვა, როდესაც გვატყუებდა, რომ სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მოპირდაპირე მხარეს სასტუმრო „ჰაიატი“ სწორედ ფიფიას უნდა აეშენებინა. ბიზნესმენი ფიფია აცხადებს, რომ ამ მშენებლობაში მან 30 მილიონი აშშ დოლარი იზარალა“, – წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.
თუმცა გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით სულ სხვა მონაცემებს ფლობს ამ მიმართულებით.
როგორც გამოცემა იტყობინება-2013 წელს ცნობილი გახდა, რომ „ლოიალ ისთეითი“, რომელიც თბილისში „პარკ ჰაიატის“ მშენებლობას გეგმავდა და გაკოტრდა – კომპანიას 5 კრედიტორის მიმართ 82,3 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა. ამ კრედიტორებს შორის სამი უცხოური კომპანია იყო – „ბულვერ ინტერნეიშენალინკი“ (დავალიანება – 18 მილიონ 418 393 ლარი), „ლოკაიბეკინვესტმენტსი“ (დავალიანება – 40 655 124 ლარი) და „სენფორდ პერფექშენ ლიმითედი“ ( დავალიანება – 4 033 940 ლარი). დანარჩენი ორი კრედიტორი შემოსავლების სამსახური (4 565 570 ლარის დავალიანებით) და „თი-ბი-სი ბანკი“ (14 656 484 ლარის დავალიანებით) იყო.
“ფიფიამ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნის თხოვნით სასამართლოს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასამართლოს ცნობით, 2013 წლის 18 ივნისის მონაცემებით, მოლარის ქონება მხოლოდ მის სალაროში არსებულ თანხას – 5420 ლარს შეადგენდა. სასამართლომ დაადგინა: თუ ერთი თვის განმავლობაში რომელიმე კრედიტორი შპს „ლოიალ ისთეითის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, ეს შპს გაკოტრებულად გამოცხადდებოდა, რაც თავისთავად ამ კომპანიის რეგისტრაციიდან მოხსნას განაპირობებდა… საჯარო რეესტრის მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ის ადგილიც, სადაც სასტუმროს საძირკველი იყო გათხრილი, 2009 წლის სექტემბერში „თი-ბი-სის“ საკუთრება გახდა, სულ ცოტა ხანში კი – „უძრავი ქონების მართვის ფონდის“,- წერს “კვირის ქრონიკა„.
გამოცემა ასევე წერს, რომ ფიფიას ქართული ბიზნესებიც საფრთხეშია, კერძოდ: “ვი- თი- ბი“ ბანკისთვის „ზალოგში“ ჩადებული დინამოს საწვრთნელი ბაზა, ერთი თვის წინ დაწყებული რუსთავის აზოტის ობლიგაციების გაყიდვა, ერთი კომპანიიდან მეორეში თანხების ვალად გადასროლა.. გამოცემა მკითხველს ამ თემაზე სტატიებს უახლოეს მომავალში ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები