შემოდგომის დადგომასთან ერთად ვირუსული ინფექციები მატულობს – სპეციალისტების რეკომენდაციები მშობლებს

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. შემოდგომის დადგომასთან და ტემპერატურის კლებასთან ერთად, ინფექციური და ვირუსული დაავადებების შემთხვევები განსაკუთრებით მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებში მატულობს. ხშირად არა მხოლოდ დავირუსებული, არამედ ჯანმრთელი ბავშვის მშობლებიც თავს იკავებენ ბავშვის სკოლაში ან ბაღში გაშვებისგან, რის გამოც ბავშვი სასწავლო პროცესს ეთიშება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე „კვირასთან“ აღნიშნულ თემაზე საუბრობს და მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც იმნაძე აცხადებს, უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვს ჩატარებული ჰქონდეს ყველა ის აცრა, რომელიც მას ასაკობრივად ეკუთვნის.12023021_409158505957005_1148040516_n
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კვლავ მაღალი რჩება წითელათი ავადობის რისკი.
“პირველ რიგში, ბავშვი უნდა იყოს აცრილი ყველა იმ აცრით, რომელიც მას ასაკობრივად ეკუთვნის – ეს არის პირველი და გადამწყვეტი. წითელას მაღალი რისკი კიდევ რჩება, აქედან გამომდინარე, თუ ეს აცრა თავის დროზე გამოტოვებული აქვს ბავშვს, უნდა მოხდეს რევაქცინაცია. ასევე პოლიომელიტის საწინააღმდეგო რევაქცინაცია შესაძლებელია გაკეთდეს 5 წლის ასაკში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკრაინაში პოლიომელიტის ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება სასუნთქი სისტემების ინფექციებს – ავადმყოფი ბავშვი უნდა დარჩეს სახლში გამოჯანმრთელებამდე, რათა სხვას არ გადასდოს ვირუსი“,-აცხადებს პაატა იმნაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას ჰიგიენის დაცვისაკენ და ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ნაწლავური ინფექციების შემთხვევების რაოდენობას, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების რაოდენობა ეტაპობრივად კლებულობს.
“ნაწლავური ინფექციების შემთხვევების რაოდენობა ეტაპობრივად კლებულობს. პიკი არის აგვისტოში. ზამთარში კიდევ უფრო შემცირდება მსგავსი ფაქტები, ამ ეტაპზე ჩვეულებრივი სეზონური მერყეობის ფარგლებშია“, – აღნიშნავს იმნაძე.
პედიატრი, ოჯახის ექიმი თამარ ხვიჩია, პაატა იმნაძის მსგავსად, პროფილაქტიკური აცრების ჩატარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ამასთან, თამარ ხვიჩიას თქმით, აუცილებელია ბავშვმა ვიტამინებით მდიდარი საკვები მიიღოს, რათა მაღალი იმუნური სისტემით ინფექციებთან გამკლავება გაუადვილდეს.
“აუცილებელია ბავშვს ჩატარებული ჰქონდეს პროფილაქტიკური აცრები, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას. ბავშვმა უნდა მიიღოს ვიტამინებით გაჯერებული საკვები, რათა იმუნური სისტემა გაუძლიერდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი შვილი ხშირად მოავადეა, დასაშვებია, რომ მივცეთ ანტივირუსული მედიკამენტები“, -განუცხადა “კვირას“ თამარ ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები