დავით უსუფაშვილმა ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

თბილისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ილირ მეტასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, საქართველოსა და ალბანეთის ევროპულ პერსპექტივებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ჩვენი ქვეყნები, საქართველო და ალბანეთი იზიარებენ არა მხოლოდ საერთო წარსულს, მხედველობაში მაქვს ჩვენი საბჭოური წარსული, არამედ საერთო მომავალს, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა ვცდილობთ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი თავისუფალ, დემოკრატიულ ევროპაში. ჩვენ გვინდა ორივე ქვეყანა ვიხილოთ ნატოს შემადგენლობაში, ევროკავშირის შემადგენლობაში. ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რომ ალბანეთმა უკვე მოახერხა ნატოში გაწევრიანება და არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს საერთო დამოკიდებულება, საერთო ღირებულებების გამოხატულებაა და წინ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ალბანეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. „ალბანეთი არის ნატოს სრულუფლებიანი წევრი და ამიტომ ჩვენ სტუმარს ვთხოვეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პირადად მან, ალბანეთის მთავრობამ, იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს რეგიონში და ხელი შეუწყოს საქართველოს კიდევ უფრო სწრაფ დაახლოებას ნატოსთან“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ალბანეთი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტში აქტიურად არის ჩართული. დავით უსუფაშვილის თქმით, გაღრმავდება და გააქტიურდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს შორის, ყველა საპარლამენტო ასამბლეაზე, რაც საქართველოსა და ალბანეთის დაახლოებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ილირ მეტას განცხადებით, საქართველო და ალბანეთი საერთო წარსულთან ერთად, საერთო მომავალსაც იზიარებენ. „ალბანეთი, როგორც ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ალიანსისა და ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა ილირ მეტამ. ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალბანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „სრულიად ნათელია ალბანეთის პოზიცია-ჩვენ მხარს ვუჭერთ მტკიცედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ილირ მეტამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები