თინა ხიდაშელი: მაპი საქართველოს ოცნება არ არის, საქართველოს ოცნება ნატოში გაწევრიანებაა
ლიტვის თავდაცვის უწყებაში საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრების ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გაიმართა.
იუზას ოლეკასმა ჟურნალისტებს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილულ თემები გააცნო და კიდევ ერთხელ გამოხატა ლიტვის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
„ჩემთვის დიდი პატივია ვილნიუსში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მასპინძლობა. ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების, თავდაცვის რეფორმირების პროცესის, მიღწეული პროგრესის, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ლიტვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას სამხედრო სწავლებების, ტრენინგების, განათლების და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებით. მადლობა გადავუხადე თავდაცვის მინისტრს საქართველოს მიერ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და საქართველოს მონაწილეობისთვის ევროკავშირის მისიებში – მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა ევროკავშირის მრჩეველთა მისიაში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებსა და კოლექტიურ ძალთა ინიციატივაში. ამავე დროს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მტკიცედ განაგრძობს რეფორმებს საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მჯერა, რომ საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. საქართველოსა და მის შეიარაღებულ ძალებს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
შეკითხვაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, იუზას ოლეკასმა ჟურნალისტს გერმანიის მაგალითით უპასუხა: „გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“.
თინათინ ხიდაშელმა ლიტველ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მადლობა გადაუხადა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„არც კი ვიცი, სად იქნებოდა ჩემი ქვეყანა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. საქართველოს ბევრი გამოწვევა და პრობლემა აქვს. თუმცა, ეს პრობლემები და გამოწვევები საქართველოს საზღვრებსაც სცდება და გვხვდება უკრაინაში, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. უსაფრთხოების არქიტექტურა მყარი არ არის და ეს უკვე ყველას პრობლემა გახდა. არ არსებობს სუსტი საქართველო ან სუსტი უკრაინა. ეს ყველას უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ვითხოვთ ნატოსგან და ევროკავშირისგან, გაფართოებით უპასუხონ იმ აგრესიას, რომელიც ევროპაში ხდება. მტკიცედ გვჯერა ერთი მარტივი რამ – ვიდრე თავისუფლება იზრდება, ავტორიტარიზმი წყვეტს არსებობას. როდესაც თავისუფლება ფართოვდება, აღარ რჩება ადგილი აგრესიისთვის. როგორც კი შეიზღუდება თავისუფლება, იწყება ავტორიტარული მმართველობა, აგრესია და ოკუპაცია. მჯერა, რომ თავისუფალი მსოფლიო არ დაუშვებს ამას და ევროკავშირსაც და ნატოსაც ექნება შესაძლებლობა, ეს დაამტკიცოს. მადლობა მხარდაჭერისთვის და მასპინძლობისთვის ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას. მე ესტონეთიდან ჩამოვედი. ასევე, ვსტუმრობდი ლატვიას და პოლონეთს. ეს არის ჩემი ვიზიტი საქართველოს ყველაზე დიდ მეგობრებთან მსოფლიოში. მჯერა თქვენი მხარდაჭერითა და თანამშრომლობით შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. „არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ მაპი საქართველოს ოცნება არ არის. საქართველოს ოცნებაა ნატოში გაწევრიანება. ყოველთვის, როდესაც მივდივართ ბრიუსელში ან ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, სწორედ, ამ პირობას ვიმეორებთ. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს გაწევრიანებას, რადგან ქვეყანა წლების განმავლობაში აღებულ ვალდებულებს წარმატებით ასრულებდა, მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, ახორციელებდა რეფორმებს, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სექტორში. ნატოში შესვლის მსურველ ქვეყნებს შორის, მსოფლიოში, საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს გაწევრიანებას. ვიმედოვნებ, დეკემბრის მინისტერიალამდე და ვარშავის სამიტამდე საქართველოს მონდომება სათანადოდ შეფასდება. მაპი, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის თანახმად, გაწევრიანებისთვის საჭირო ინსტრუმენტია, საქართველომ კი უფრო მეტი შეასრულა, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ მაპის გამოყენებით. იმედი მაქვს, უფრო მაღალ საფეხურს მივაღწევთ და ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. შევეცდებით, დავარწმუნოთ 28 წევრი ქვეყანა, რომ საქართველოს გზა გაწევრიანებისკენ უნდა იყოს ისევე ნათელი, როგორც ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მაპის დასრულების შემდეგ. ვფიქრობ, შევასრულეთ ვალდებულებები და დროა, გაწევრიანების გზაზე დავდგეთ“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან.
თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „საოკუპაციო საზღვრი საქართველოს ტერიტორიის შიგნით რამდენიმე კილომეტრით ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან გადმოსწიეს. ეს ყველაფერი უკვე საშიშ ზღვარს აღწევს, რადგან ძალიან უახლოვდება მთავარ ავტომაგისტრალს. ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, რუსები ამ გზატკეცილიდან ნახევარ კილომეტრში დგანან. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე 2008 წლის საოკუპაციო ზოლი. ეს არის ჩვენი არგუმენტი პარტნიორებისთვის. 2008 წლის გარიგების გარანტორი საფრანგეთი იყო – სწორედ, პრეზიდეტმა სარკოზიმ მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას პრეზიდენტ მედვედევთან და სააკაშვილთან ერთად. ამ ხელშეკრულებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ რუსები უნდა დაბრუნებულიყვნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. ეს ვალდებულება არ შესრულებულა. ეს საკითხი ყველას საზრუნავი უნდა იყოს, განსაკუთრებით კი ფრანგების, რადგან ისინი იყვნენ შუამავლები ამ პროცესში. იმედი მაქვს, საფრანგეთის პოლიტიკური მხარდაჭერა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც 2008 წელს იყო. რუსეთი არასდროს დაბრუნებია საწყის პოზიციებს და შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრას განაგრძობს. ეს ერთობლივი ვალდებულებაა, მხოლოდ საქართველო ვერაფერს გახდება. გვჭირდება მეტი მხარდაჭერა. რუსეთი ვერ დახურავს ამ თავისუფლების დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის – მილსადენებს, საკომუნიკაციო გზებს, ენერგოუსაფრთხოებას – რომელიც კასპიის ზღვიდან მოდის, გზებს, რკინიგზას, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. სწორედ ამიტომაა საქართველო მნიშვნელოვანი და ეს საკითხი რუსეთის აგრესიას იწვევს“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.