ლიტვის თავდაცვის მინისტრი: გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო

„გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“, – ამის შესახებ ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზა ოლეკასიმ ქართველ კოლეგასთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გრძელდება. დღეს თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას, იუზას ოლეკასს შეხვდა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა ოფიციალურ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტველ კოლეგას, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში გამართული შეხვედრების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა. თინათინ ხიდაშელმა კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი 2016 წლის ვარშავის სამიტის წინ საქართველოსთვის ერთიანი, ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა.
როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა ზუსტად იცოდნენ, რას ვითხოვთ 2016 წლის „ვარშავის სამიტიდან“ – ეს არის ხელშესახები შედეგი, რომელიც ადეკვატური პასუხი იქნება საქართველოსთვის, როგორც ნატოს ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორისთვის.
თავის მხრივ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა იყო, არის და რჩება საქართველოს ერთგული მოკავშირე და პარტნიორი ოფიციალური თბილისის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა იუზას ოლეკასმა. ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებასთან. ლიტვის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ეხმარება პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. ლიტვა ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უღიარებლობის პოლიტიკას. სამხედრო თანამშრომლობა 2001 წლიდან წარმოებს. ყოველწლიურად ხელი ეწერება თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებს, რომელშიც გაწერილია წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ყოველწლიურად იმართება ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები. ლიტვა გამოყოფს ორ ექსპერტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ნატოს ჯგუფში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები