უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საბჭოს შეკრების მიზანი სახალხო დამცველის მოხსენების მოსმენა იყო. უჩა ნანუაშვილმა წინა სხდომაზე განაცხადა, რომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული შეტყობინებების რაოდენობა გაზრდილია. დღეს საბჭოს წევრები ომბუდსმენისაგან სწორედ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეიკრიბნენ. სახალხო დამცველმა უფლებების დარღვევის 44 ფაქტი წარმოადგინა, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი არ ეხება წამების ფაქტს. არაადამიანური მოპყრობის ყველა შემთხვევას იძიებს პროკურატურა.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრმა გახსნა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოსაფხვრელად და ამ რეფორმების შედეგები თვალნათელია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოელი პარტნიორებისათვის. კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის, ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია; საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში კი ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები − სისხლისსამართლებრივი ზომები, ახალი ინფრასტრუქტურა პენიტენციურ სისტემაში, მრავალკომპონენტიანი ცვლილებები − „არის თვალსაჩინო და ხელშესახები“.

დადებითად შეფასდა, აგრეთვე, პატიმართა საერთო რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება. „აშკარაა, რომ დღეს წამება აღარ არის სისტემისთვის დამახასიათებელი, თუმცა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ის პოზიტიური პროცესი, რასაც ციხეში წამების დამარცხება ჰქვია, შეუქცევადი უნდა გახდეს. ამისთვის ერთად ვმუშაობთ“, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მიესალმა, აგრეთვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

ღონისძიების მონაწილეებმა ომბუდსმენისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს იმის შესახებ, თუ რა საკითხებზე მიმართავენ სახალხო დამცველის ოფისს, რა კონკრეტულ ფაქტებს ეხება ომბუდსმენის ოფისში შესული წერილები და რა კატეგორიის პრობლემებს აწყდებიან პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირები.

სხდომის წინაშე სიტყვით წარდგა მთავარი პროკურორის მოადგილეც. ირაკლი შოთაძემ იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, თუ როგორ რეაგირებს საქართველოს პროკურატურა არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე და რა კეთდება ამგვარი შემთხვევების აღმოსაფხვრელად.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; საქართველოში აკრედიტებული მისიების − ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, აგრეთვე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები