თინათინ ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.
ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დაინიუს კატილიუსი. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ლიტვის პრეზიდენტი, ისევე, როგორც ლატვიის პრეზიდენტი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ნათლად აცხადებენ, რომ საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე დგანან. საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, პრაქტიკულად, იმავე ხარისხშია ამ ქვეყნებში აყვანილი, როგორც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ. ლიტვის პრეზიდენტი ზუსტად ისევე ინტერესდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებით, როგორც საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში დაინტერესდებოდა, ეს თემა დღის წესრიგში რომ იდგეს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.