თინა ხიდაშელი ლიტვაში მყოფ ქართველ სამხედროებს შეხვდა

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იმ ქართველ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიაში სწავლობენ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ აკადემიაში ქართველი ოფიცრების სწავლების ფაქტი ორ ქვეყანასა და მათ უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
„დღეს გვესტუმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალბატონი თინათინ ხიდაშელი. მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა შეიარაღებული ძალების ოფიცრები. აღნიშნულ სამხედრო სასწავლებელში სასწავლო კურსს, ამჟამად, 5 სამხედრო მოსამსახურე გადის. სწავლობენ ინგლისურ ენას და საშტაბო-სამეთაურო კურსს“, – განაცხადა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩოხელმა.
საქართველო და ლიტვა სამხედრო განათლების სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. ქართველი ოფიცრები ლიტვის სამხედრო სასწავლებელში სხვადასხვა სახის კურსებს გადიან, ლიტველი სამხედროები კი საქართველოში, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ზამთრისა და ზაფხულის კურსებში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები