დავით უსუფაშვილმა მთავრობას დაგვიანებული ანგარიშის გამო უსაყვედურა
„მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში რეგლამენტით დადგენილი ვადების დარღვევით წარუდგინა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა და მთავრობის მისამართით საყვედური ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოხატა.
მისი თქმით, რეგლამენტით, ანგარიშის წარმოდგენა გათვალისწინებულია სესიის პირველი კვირის განმავლობაში.
„ჩვენი პირველი კვირა 4 სექტემბერს დასრულდა. მთავრობის ანგარიშს ჩვენ 4 სექტემბრამდე ველოდით. შემოვიდა 11 სექტემბერს. ასე რომ, მინდა საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს – დავიცვათ ვადები. ეს დარღვევა არის სრულიად ცხადი. ამასობაში, იმ ტიპის დარღვევა არ არის, რომ სანქციებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ კომიტეტებში ანგარიშის განხილვის დროს ამ თემაზეც ყურადღება გამახვილდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტმა მთავრობის ანგარიშის განხილვა დღეს დაიწყო. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ერთი კვირის დაგვიანებით შევიდა და დღეს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის ანგარიში განსახილველად კომიტეტებს გადაეცა და მათ განხილვისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე მიეცათ.