რას ნანობს “მამულიჩა“ – ჩემი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის, როგორ დავისჯები, არ ვიცი

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა), რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, იმ ადამიანების კრიტიკას პასუხობს, რომელთაც 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების ფაქტი არ მოეწონათ და შერჩევით მართლმსაჯულებაზე ალაპარაკდნენ. პროდიუსერი აცხადებს, რომ მისი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის და, შესაბამისად, არ იცის, როგორ დაისჯება.
“15 000 ლარი გადავიხადე და ეს არის შერჩევითი სამართალი? რადგან მამულიჩა ვარ, იმიტომ? თუ ასეა, საერთოდ, რატომ დამიჭირეს? ან მეორე დღესვე რატომ არ გამომიშვეს? ახლა კი გამომიშვეს, მაგრამ ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი. გირაო გათავისუფლებას არ ნიშნავს, უბრალოდ, პროკურატურამ ჩათვალა, რომ საზოგადოებისთვის არ ვიყავი საშიში. გამართლებით მე არ გავმართლდები. ჩემი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის და როგორ დავისჯები, არ ვიცი.
ახლა რა ვქნა, უკან დავბრუნდე? თუ ამით ბედნიერება დაისადგურებს სრულიად საქართველოში, დავბრუნდები ციხეში. ამ 15 ათასსაც ისე ახსენებენ, თითქოს არაფერია. ჩვენთვის ეს დიდი ფულია. ბევრი ადამიანი შეწუხდა და გვერდით დამიდგა, რომ ეს თანხა გადამეხადა. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჰაერზე და უმიზეზოდ არავის იჭერენ. დამნაშავე ვარ და მარტო იმიტომ ვარ დასახვრეტი, ჩემი უგუნური ქმედებით ჩემ გარშემო ამდენ ადამიანს რომ შევუქმენი პრობლემა. ცხოვრებაში აქამდე არავისთვის მომიხვევია თავზე არაფერი, არ მომიპარავს და ბოროტება არ ჩამიდენია, რას მერჩიან?! ბევრისთვის გირაოც უფრო იაფი შეუფარდებიათ. ხალხს თურმე ის აწუხებს, რატომ ვარ გარეთ. ორი თვე გლდანის ციხეში გავატარე და კიდევ რა იქნება, არავინ იცის.
სინანულის გრძნობა მარტო იმიტომ მაქვს, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და ჩემმა ქმედებამ შეაწუხა ყველა, ვისაც ჩემი ოჯახი უყვარს. ლელა იყო გადაფარებული ყველაზე, მილიონ ადამიანს დახმარებია და გამოუყვანია ციხიდან, შუამდგომლობდა ყველას, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კეთილგანწყობაც გამოიჩინეს, ალბათ, უფრო ლელას მიმართ. ჩემი ცხოვრების წესი არასოდეს ყოფილა დამალული. დღესაც არ ვსვამ, არ ვეწევი, თუმცა, გართობაზე უარი არ მითქვამს, არც აქ და არც საზღვარგარეთ, მიყვარს ელექტრონული მუსიკა, კლუბებშიც მივლია და არასოდეს დამიმალავს, რას ვაკეთებდი. შესაძლოა, ჩემი შეცდომაც ეს იყო. ვიყავი ჩემთვის წყნარად და ასევე წყნარად გამიშვეს გლდანში. ახლა ველოდები, რას მომისჯიან“, -აცხადებს კახა მამულაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაასწრეს მედიის წარმომადგენლები პროცესს, რომელზეც პროკურორმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო-“მამულიჩა“ აცხადებს, რომ ამის მიზეზი დარბაზის შეცვლა გახდა.
“იქ ჩემი მეგობრებიც არ ყოფილან. დარბაზში არავინ იყო და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი; მითხრეს, დარბაზი შეიცვალაო. მერე კი დაიწყო პროცესი და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. მე არც საზოგადო მოღვაწე ვარ, არც საჯარო მოხელე. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჰა-ჰა, იურმალაში წავიყვანო რამდენიმე ადამიანი და ვიომო, რომ გაიმარჯვონ და საქართველოს დროშა აღიმართონ.
არაფერი გამიკეთებია ისეთი, საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა რომ მიმეყენებინა. დავაშავე, მაგრამ ზიანი არავისთვის მიმიყენებია, არაფერი მომიპარავს, არც სახელმწიფო დამიზარალებია. მოსაბოდიშებელი არავისთან არაფერი მაქვს, შეცდომისგან კი არავინ არის დაზღვეული“,-აღნიშნავს კახა მამულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები