ამერიკის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავზე ტერაქტს გეგმავდა
აშშ-ს პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ტერაქტს ამზადებდა. ფლორიდის შტატის მკვიდრი სამგლოვიარო ღონისძიებებზე ადგილობრივ მემორიალთან ბომბის აფეთქებას გეგმავდა.
ჯოშუა გოლდბერგი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ზედმეტი ინტერესი გამოხატა. ეს პიროვნება ამ საკითხს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდა, ის თავს წარმოადგენდა ლიბანელ ლტოლვილად, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში ცხოვრობს.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოლდბერგი ტერაქტს სხვა ადამიანთან ერთად ამზადებდა, რომელიც სინამდვილეში „ეფ-ბი-აის“ აგენტი იყო. ჯოშუა გოლდბერგმა თავის „თანამონაწილეს“ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქციაც გაუგზავნა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯოშუა ბომბის აფეთქებას კანზას-სიტიში გეგმავდა, სადაც 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიენები გაიმართება.
იმ შემთხვევაში, თუ ჯოშუა გოლდბერგს დამნაშავედ ცნობენ, მას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.