აიათოლა ხამენეი აშშ-თან კონსტრუქციულ დიალოგს არ აპირებს
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი ბირთვული შეთანხმების შემდეგ ამერიკელებთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას არ აპირებს.
„ჩვენ აშშ-სთან ბირთვულ პრობლემებზე კონკრეტული მიზეზების გამო ვმსჯელობდით. სხვა საკითხებზე ამერიკელებთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. აშშ-ს კონგრესი დღესაც იღებს კანონპროექტებს ჩვენს წინააღმდეგ, ხოლო ეს მოლაპარაკება ჩვენთვის საკუთარი აზრის მოხვევის ერთ-ერთი საშუალებაა“, – განაცხადა ხამენეიმ.
სულიერმა ლიდერმა ისრაელზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, ყველა მეთოდით ცდილობს ბირთვული შეთანხმების ჩაშლას.
„ისრაელს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნერვიულობა არ მოუწევს, ვინაიდან სიონისტური რეჟიმი კიდევ 25 წელს ვერ გაძლებს“, – აცხადებს ხამენეი.
ექსპერტების აზრით, ირანის ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგება. ამას შეიძლება მოყვეს ირანის მეტი გახსნილობა და დასავლური გავლენის ქვეშ მოქცევა, ასევე ანტიამერიკული რიტორიკის ეფექტურობის შემცირება, რასაც უმეტესად ირანის დღევანდელი ხელისუფლება ეფუძნება. ეს რიტორიკა ირანის თეოკრატიული მმართველობის სტაბილურობას უზრუნველყოფს, ხოლო ნებაყოფლობით ის ირან-აშშ-ს კონფლიქტზე დამყარებულ ლეგიტიმურობაზე უარის თქმას არ აპირებს. კიდევ ერთი მიზეზი, რაც პირველ მიზეზთან კავშირშია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია. აიათოლას არანაირად ხელს არ აძლევს ამ არჩევნებზე ჰასან როუხანისთან დაკავშირებული ძალების გამარჯვება, რომლის დროსაც სანქციების გაუქმება და აშშ-სთან ურთიერთობები მოგვარდა.
ირანის ხელისუფლებაში ზომიერი ან ქვეყნის მეტი გახსნილობით დაინტერესებული ძალების მოსვლა შეიძლება კონსერვატიულ ძალებზე სერიოზული დარტყმა იყოს და ისლამური რესპუბლიკის მთელ კონცეფციას საფრთხე შეუქმნას.