„ალ – ქაიდამ“ “დასახვრეტი” ამერიკელი ბიზნესმენების სია გამოაქვეყნა
ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-ქაიდამ“ იმ ამერიკელი ბიზნესმენების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ის თავდასხმებით დაემუქრა. დაჯგუფების ინფორმაციით, ბიზნესმენებს შეუძლიათ „დახვრეტა“ თავიდან აიცილონ, თუ აშშ-დან ფულს სხვა ქვეყნებში გადაიტანენ. NBC News-ის ინფორმაციით, პოტენციურ მსხვერპლთა სიაში შევიდნენ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, მილიარდერები: უორენ ფაფეტი, ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები, ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, ასევე შელდონ ადელსონი, ჯიმ უოლტონი და სხვები.
სია ტერორისტების მიერ გამოცემულ ჟურნალ Inspire-ში გამოქვეყნდა. სტატიაში მითითებულია, რომ თუ აღნიშნული პირები ამ თანხებს აშშ-დან გაიტანენ, ამერიკულ ეკონომიკაზე სერიოზული დარტყმა იქნება მიყენებული. „ალ-ქაიდა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც მრავალი ტერორისტული აქტი, მათ შორის 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა მოაწყო.