ბრიტანული მედიის ცნობით, რუსეთი სირიაში ავიაბაზას აშენებს
რუსეთმა სირიაში ავიაბაზის მშენებლობა დაიწყო, რომლის მეშვეობითაც „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმებს განახორციელებს. ამ ინფორმაციას The Daily Express-ი ავრცელებს.
ბრიტანულ გამოცემას აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია მოჰყავს. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა უკვე გააგზავნა სირიაში შესაბამისი დანადგარები ამ ბაზის ასაშენებლად, სადაც ათასამდე სამხედრო განთავსდება. გამოცემა ასევე წერს, რომ რუსეთმა სირიის ლატაკიის პორტში სადისპეტჩერო კოშკი უკვე ააშენა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში რუსული სამხედრობის ყოფნის ფაქტი დაადასტურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ბოგდანოვის თქმით, ამ სამხედროების ამოცანა სირიელი ჯარისკაცებისთვის უახლესი ტიპის სამხედრო ტექნიკის მართვის სწავლებაა.