უკრაინის აღმოსავლეთში 2014 წლის აპრილიდან 8 ათასი ადამიანი დაიღუპა
2014 წლის აპრილიდან უკრაინის აღმოსავლეთში 8 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 15 მაისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში დაღუპული მშვიდობიანი ადამიანების რაოდენობა, წინა სამი თვის მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მაღალია.
დასკვნაში მითითებულია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების დაბომბვა დღესაც გრძელდება, რის შედეგად უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობა საკვების და სასმელი წყლის დეფიციტის გამო კიდევ უფრო რთული ხდება.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში 105 ადამიანი დაიღუპა და 308 დაიჭრა.