ალექსანდრე კვიტაშვილი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს
უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს არ ესმის, რატომ აკრიტიკებს ოდესის გუბერნატორი უკრაინის მთავრობას. „მე არ ვიცი, რა ამბიციები აქვს მას, პრეზიდენტის თუ პრემიერის, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ არა მგონია, რომ მთავრობის კრიტიკით მან რაიმე პოლიტიკური ქულები მოიპოვოს. უკრაინის მთავრობის მუშაობას ყველა – საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაწყებული და ევროკავშირით დამთავრებული, დადებითად აფასებს“, – განაცხადა კვიტაშვილმა ტელეკომპანია ТСН-ის ეთერში.
კვიტაშვილის განცხადებით, საქართველოში რეფორმები ხელისუფლების ერთიანობის გამო იყო წარმატებული – პრეზიდენტიც, პრემიერიც და პარლამენტიც შეთანხმებულად მუშაობდნენ. უკრაინაში კი უფრო რთული სიტუაციაა და აქ ცვლილებები უფრო ნელა მიმდინარეობს.
კვიტაშვილს ასევე მიაჩნია, რომ სააკაშვილი ფრუსტრაციის პირობებში აღმოჩნდა, რაც მისი სურვილები შესაძლებლობას არ შეესაბამება. „ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც სწრაფ ცვლილებებს არის შეჩვეული, აქ კი ეს ხშირ შემთხვევაში არ გამოსდის“, – განაცხადა კვიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა არსენი აიცენიუკის მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ოლიგარქები აკონტროლებენ. საპასუხოდ, იაცენიუკმა სააკაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა.