ჰილარი კლინტონმა პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობის გამო ბოდიში მოიხადა
აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ სამსახურებრივი მიმოწერისთვის პირად საფოსტო სერვერს იყენებდა. ამასთანავე, სულ რამდენიმე დღის წინ კლინტონი ამ ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ უკანონოს არაფერს არ აკეთებდა. „ის, რასაც მე ვაკეთებდი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაშვებული იყო. ერთადერთი, რასაც მე ვნანობ, ის არის, რომ ამ ინფორმაციით ჩემს ოპონენტებს ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ“, – განაცხადა კლინტონმა.
თუმცა საბოლოოდ ჰილარი კლინტონმა პოზიცია შეიცვალა და აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო. „მე ვნანობ, რომ ასე მოხდა. ეს შეცდომა იყო. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა.
საფოსტო სერვერთან დაკავშირებული სკანდალის გამო კლინტონი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. საფოსტო სერვერთან დაკავშირებული სკანდალი კლინტონის რეიტინგზე აისახა და ამ ბოდიშის მოხდით ის ამომრჩეველთა ნდობის აღდგენას აპირებს.