ევროკომისიის ხელმძღვანელი ლტოლვილების მიღების ახალ კვოტებს დაასახელებს
ევროკომისიამ ევროპაში მიგრაციული კრიზისის მოგვარების კონკრეტული გეგმების შესახებ უნდა განაცხადოს. ექსპერტების შეფასებით, ეს პრობლემა ყველაზე რთულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 120 ათასი ლტოლვილის განაწილების კვოტების შესახებ უნდა განაცხადოს. აუცილებელი კვოტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რამდენი მიგრანტი უნდა მიიღოს ევროკავშირის თითოეულმა წევრმა ქვეყანამ. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, მიმდინარე კრიზისის მოსაგვარებლად ეს პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება. კანცლერი ამბობს, რომ გერმანიას შეუძლია დევნილების ნაკადის მიღება, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს დატვირთვა სხვადასხვა ქვეყნებს შორის უნდა გადანაწილდეს.
მერკელმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენთან სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირს ლტოლვილების განაწილების მოქნილი სისტემა სჭირდება.