საბერძნეთის შემდეგ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ბულგარეთმაც დახურა

ბულგარეთმა რუსეთის იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც სირიაში ტვირთები მიაქვთ, საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „კატიმერინი“ წერს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა. უწყების განცხადებით, ოფიციალურ სოფიას თვითმფრინავებზე არსებული ტვირთების თაობაზე სერიოზული ეჭვები აქვთ. „ჩვენ საკმარისი ინფორმაციოა გვაქვს, რათა თვითმფრინავების ბორტზე არსებულ ტვირთებთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები გამოვთქვათ“, – განუცხადეს „როიტერს“ ბულგარეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
„ამის შემდეგ ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებსაც, მოსკოვის ინფორმაციით, სირიაში ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ, იძულებული იქნება სირიაში ირანის საჰაერო სივრცის გავლით გაფრინდეს“, – წერს გამოცემა „კატიმერინი“.
რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის თხოვნა მიიღო, სირიაში მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე. აშშ-ს ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ამას შეიძლება კონფლიქტის მომდევნო ესკალაცია მოჰყვეს და საერთაშორისო კოალიციის ძალებთან პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს, რომელიც სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები