Peugeot და Renault ირანში ბრუნდება
დასავლეთის ბიზნესი, ისლამური რესპუბლიკისთვის დასავლეთის მიერ სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანში დაბრუნებას აპირებს. ასეთი ინიციატივა უკვე გამოთქვეს ავტომწარმოებლებმა – ეს ირანის მრეწველობაში ნავთობის მოპოვების შემდეგ სიდიდით მეორე დარგია. ფრანგულმა Peugeot-მა, რომელიც სანქციებამდე ირანში წამყვანი ავტოკონცერნი იყო, უკვე დაიწყო მოლაპარაკება ადგილობრივ კონცერნ Khodro-თან. იგივე გააკეთა მისმა კონკურენტმა Renault-მა.
კონსალტინგური კომპანია LMC Automotive-ი ირანის პოტენციალს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს. მისი პროგნოზით, 2017 წელს მოთხოვნა 1 მილიონ ერთეულს შეადგენს, ხოლო 2022 წელს – 2,5 მილიონს მიაღწევს.
„როგორც ცნობილია, ჩვენ ვთანაშრომლობთ Renault-თან, Peugeot-თან და Suzuki-თან. ამასთანავე, ჩვენ რომელიმე მეოთხე ევროპელი გიგანტის შერჩევას ვგეგმავთ, რომელიც ფრანგული კომპანია არ იქნება“, – განაცხადა Iran Khodro-ს ხელმძღვანელმა ჰაშემ იეკე ზარემმა.
ემბარგოს მიუხედავად, ირანელები ყიდულობენ მანქანებს, მათ შორის უცხოური წარმოების ავტომობილებს, მაგრამ ზედმეტი თანხების გადახდა უწევთ. სანქციების მოხსნის წინ კი ავტობაზარი ფაქტობრივად გაჩერდა – ყველა ელოდება, როდის გამოჩნდება ირანში აწყობილი უცხოური მანქანები, რომლებიც ხარისხით ადგილობრივებზე უკეთესია.
ამ მდგომარეობის დაუშვებლობისთვის ირანში ადგილობრივი ავტოწარმოების მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია. უფრო მეტიც, ამგვარმა მოწოდებამ უკუეფექტი გამოიწვია.