რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს 25 დოლარით გაუიაფებს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის ლიდერს სერჟ სარგსიანს შორის მიღწეული შეთანხმებით რუსეთი სომხეთს 25 დოლარით, ანუ ათას კუბურ მეტრში 165 დოლარამდე ბუნებრივი აირის საფასურს შეუმცირებს. გარდა ამისა, მოსკოვი ერევანს 200 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიან კრედიტს გამოუყოფს. სარგსიანის განცხადებით, ეს თანხა სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას მოხმარდება.
„კომსომოლსკაია პრავდას“ ინფრომაციით, რუსეთის და სომხეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს გიუმრიში რუსი სამხედროს მიერ სომხური ოჯახის მკვლელობის ფაქტი და ამ ტრაგედიის გამოძიების საკითხი. სარჟ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა პუტინს, რომ სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცა.
მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია, რომელიც ბოლო დღეებში შეიქმნა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც რამდენიმე ორმხრივი სროლა მოხდა, მათ შორის მძიმე შეიარაღების გამოყენებით.