გელა კეტაშვილი: რეზი არველაძე 11 წელია ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაშია, ამდენი ხანი რას აკეთებდა?!

„რეზი არველაძე 11 წელია ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაშია და ამდენი დრო ჰქონდა, რომ საქმე ეკეთებინა, მაგრამ რა შედეგები გვაქვს და ქართული ფეხბურთი რა დღეშიც არის, ყველა კარგად ხედავს! “ – ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ ყოფილი და ვეტერანი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ მას რცხვენია, თუ ოდესმე ფეხბურთელი იყო. მისი თქმით, არ შეიძლება, ქართული ფეხბურთი ვინმეს კერძო საკუთრება გახდეს.
„არასწორად მიმაჩნია, არ შეიძლება, ადგე და ვიღაცას ასე ბრმად დაუჭირო მხარი, მაშინ როცა საქმე ქართული ფეხბურთის ბედს ეხება. იქნებ სხვებს ფეხბურთის განვითარების უკეთესი პროგრამა და უფრო მეტი რესურსი აქვთ?! ელემენტარულად, ხომ უნდა შეხვდე, მოუსმინო და მერე მიიღო გადაწყვეტილება! რეზი არველაძე 11 წელია ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაშია და ამდენი დრო ჰქონდა, რომ საქმე ეკეთებინა, მაგრამ რა შედეგები გვაქვს და ქართული ფეხბურთი რა დღეშიც არის, ყველა კარგად ხედავს! წარმოიდგინეთ, იმ დონემდე დავეშვით, რომ „ფიფას“ რეიტინგში ფარერის კუნძულების სამოყვარულო ნაკრებმაც კი გადაგვასწრო, რომელშიც მეკარე გეოგრაფიის მასწავლებელია, ხოლო თავდამსხმელი – ტაქსის მძღოლი.
ძალიან სამარცხვინოა, რომ უდიდესი ისტორიის მქონე ქართული ფეხბურთი დღეს ასე გასაცოდავებულია და ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანების ბრალია, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ლამის დაბადებიდან იმყოფებიან!
ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის შემხედვარეს, ზოგჯერ მრცხვენია კიდეც, ფეხბურთელი რომ ვიყავი! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! არ შეიძლება ქართული ფეხბურთი ვიღაც-ვიღაცების კერძო საკუთრებად ვაქციოთ! რეზი არველაძის მიმართ პიროვნულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ 11 წლის განმავლობაში ვინ შეუშალა ხელი, რომ ქართული ფეხბურთი განევითარებინა?! ამდენი ხანი რას აკეთებდა, დალოცვილი?! “ – აცხადებს გელა კეტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
კეტაშვილი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ლევან კობიაშვილს უჭერს მხარს. მისი თქმით, იგი ლევან კობიაშვილის პიროვნებაში ახალ ძალას შემართებას ხედავს და სწორედ ამის გამო, ლევან კობიაშვილს შანსი უნდა მიეცეს, რომ გახდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები