მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საფლავები ინგრევა

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საფლავები ინგრევა, – ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს. პანთეონის მომვლელის ოთარ გაგუას განცხადებით, დაზიანდა საფლავზე მდგარი ძეგლების ნაწილიც, კონკრეტულად კი დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი, რომელსაც ცხვირის ფრაგმენტი ჩამოტყდა. მისივე თქმით, საფლავების ნაწილს რესტავრაცია სჭირდება. როგორც ოთარ გაგუა ამბობს, რამდენიმე მათგანის შეკეთებას წლებია თავად ცდილობს.
“დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი დაზიანდა, ცხვირის ფრაგმენტი ჩამოტყდა. ჩოხოსნების დახმარებით, რესტავრატორმა აღადგინა. ბიუსტი კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა დააზიანა. სიმონ ჯანაშიას საფლავი დეფორმირებულია, ხის ნაჭრები ჩავულაგე და ზემოდან ცემენტი დავასხი, მაგრამ არაფერი ეშველა. ნახეთ, ლადო გუდიაშვილის საფლავის თაღი როგორ მაქვს დაწებებული. წებოს საღებავი შევურიე, რომ აგურისფერი მარმარილოს ფერი მიმეღო და იმით დავაწებე, თუმცა უხარისხოდ.
ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის, საფლავიც ცუდ მდგომარეობაშია, გამოცლილი აქვს საძირკველი. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მიწა დავბარო და ყვავილები დავრგო, რომ ეს ხინჯი დაიფაროს.
იყო შემთხვევა, როცა უცხოელ ტურისტებს საზოგადო მოღვაწეთა ისტორიას ვაცნობდი, კლდიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა და სასწაულით გადავრჩით.
ხშირად მეკითხებიან, რომელია ყველაზე ძნელად მოსავლელი საფლავიო. ძნელად მოსავლელი არც ერთი არ არის. ყველა მათგანს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვუვლი, თითოეული მათგანის ღვაწლი ისეთი დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ მათ ამაგს ვერასდროს გადავიხდით “, – განაცხადა გაგუამ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
პანთეონის დირექტორის მარინა დავითაშვილის განცხადებით კი, ყველაზე საშური ილია ჭავჭავაძის საფლავის მიხედვაა, კედელი მოჩუქურთმებული ქვებით აქვს შემკობილი და გრუნტის წყლებისგან იშლება. კედლის ქვედა მხარე კი უფრო ცუდ მდგომარეობაშია.
„თბილისის მერიას მივმართეთ წერილით და როგორც კი საშუალება გამოჩნდება, მაშინვე დაიწყება საფლავების რესტავრაცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები