შსს სანაპირო დაცვას აძლიერებს – ინტერვიუ სასაზღვრო პოლიციის უფროსთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო შავი ზღვისპირეთში სანაპირო დაცვას აძლიერებს და მომავალ სეზონს სანაპირო დაცვის სამსახური კიდევ უფრო მობილიზებული შეხვდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმს“ შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, გასულ კვირას ბათუმში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამედროვე ნავმისადგომი გაიხსნა, რომლის მშენებლობაში 12 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ობიექტი 6-ბალიან შტორმზეა გათვლილი.
ნავმისადგომი პირადად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, გახსნა.
გამეზარდაშვილის თქმით, ამ ნავმისადგომს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს სანაპირო დაცვის მხრივ. მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების ნავმისადგომი, რომელიც ამერიკული მხარის დაფინანსებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად გაკეთდა.
„ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სანაპირო დაცვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ამერიკული მხარის დაფინანსებით განხორციელდა სასაზღვრო პოლიციის საპატრულო კატარღა „P-103“-ის სრული მოდერნიზება, რომელსაც მიენიჭა სახელი „ბათუმი“, – დასძინა გამეზარდაშვილმა.
მისივე თქმით, რა მაქსიმალური საფრთხეც კი ასი წლის განმავლობაში ყოფილა, იმის გათვალისწინებით მოხდა შესწავლა და დაპროექტება.
გარდა ამისა, ნავმისადგომს ერთდროულად შეუძლია 12 მცურავი საშუალების მიღება და საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო პორტებსაც მოემსახურება.
„გვქონდა ნავმისადგომი, რომელიც ბევრ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მცურავი საშუალებები შტორმის დროს არ იყო დაცული. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სტანდარტების ნავმისადგომი გვაქვს.
აქ თავისუფლად შეიძლება სამოქალაქო გემის შემოყვანა და უსაფრთხო ბაზირება, თუმცა, ძირითადად, გამოიყენება სანაპირო დაცვისთვის. ჩვენი სანაპირო დაცვის კატარღები და პირადი შემადგენლობა მონაწილეობს ძებნა-გადარჩენის სამუშაოებში.
თითქმის დღე არ გავა, რომ რამდენიმე ადამიანი არ გადაარჩინონ დახრჩობას. მაგალითად, მოტონავები, რომლებიც გადიან ზღვაში და მოულოდნელი შტორმი იწყება, მათ უსაფრთხო გამოყვანას სწორედ ჩვენი სანაპირო დაცვის კატარღები უზრუნველყოფენ“,- აღნიშნავს გამეზარდაშვილი.
გარდა ამისა, სასაზღვრო პოლიციის უფროსი თანამშრომელთა უზრუნველყოფაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის ფოთში 10 ახალი საცხოვრებელი კოტეჯის აშენება იწყება, ასევე მათი ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მოწყობაც იგეგმება, რათა არ მოხდეს კადრების მიგრაცია.
„მოგეხსენებათ, კერძო სექტორი ისრუტავს პროფესიონალ კადრებს. მაგალითად, გემთსარემონტო სამუშაოების სპეციალისტები ბევრი არ გვყავს ქვეყანაში, ამიტომ, რომ არ მოხდეს კადრების გადინება, ჯერ კიდევ გასულ წელს, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში, სანაპირო დაცვის საინჟინრო სპეციალისტებს 250 ლარით გავუზარდეთ ხელფასები.
ახლა კი უნდა შევუქმნათ საცხოვრებელი პირობები, რათა მათ ჰქონდეთ ყველა პირობა, რომ იყვნენ სახელმწიფო სამსახურში. მნიშვნელოვანია, რომ ახლანდელი მინისტრი, ბატონი გიორგი მღებრიშვილი აქტიურად უდგას გვერდით სასაზღვრო პოლიციას და ეს თითოეული თანამშრომლისთვის, თითოეული მესაზღვრისთვის ძალიან დიდი სტიმულია“, – აცხადებს გამეზარდაშვილი.