„ვაზიანის ბაზიდან ჩეჩნურ დაჯგუფებაზე რუსული წარმოების იარაღი იყიდებოდა“- რა კავშირშია საქმესთან თემურ ალასანია?

გენერალ- მაიორი, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან კენჭაძე, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო, გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ვაზიანის ბაზიდან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნურ დაჯგუფებაზე რუსული წარმოების იარაღი იყიდებოდა.
კენჭაძის მტკიცებით, ის ამ ფაქტს წინ აღუდგა, რამაც რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას გაღიზიანება გამოიწვია. გენერალ- მაიორი ამბობს,რომ უკანონო ბანდფორმირებებზე იარაღის გასხვისებას სწორედ თემურ ალასანია კურირებდა.
„როცა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ვიყავი, ჩავატარეთ ღონისძიება და გავაუქმეთ ე.წ. ვაზიანის ბაზა, საიდანაც შემდგომ გაყვანილი იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალები. ვაზიანის ბაზიდან რუსული წარმოების იარაღი იყიდებოდა ჩეჩნურ დაჯგუფებაზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვაზიანის ბაზის დახურვის უფლებას ისე არ მოგვცემდნენ, ეს საქმე რომ გამოგვეძიებინა. ფაქტის გამოსაძიებლად მოსკოვიდან ჩამოვიდა 9 -კაციანი ჯგუფი სამხედრო დაზვერვისა და პროკურორების შემადგენლობით. ამ ჯგუფის ხელმძღვანელს ჩემი სამაგალითო დასჯის წინადადებით მიმართა რუსეთის უშიშროების თანამშრომელმა თემურ ალასანიამ. მისი დაინტერესების მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ აღვკვეთეთ ვაზიანის ბაზიდან საბრძოლო იარაღისა და მასალების გაყიდვა სხვადასხვა შეიარაღებულ უკანონო ბანდფორმირებებზე, რაშიც თემურ ალასანია უშუალოდ მონაწილეობდა და ამის შესახებ ეცნობა რუსეთის შესაბამის სამსახურს.
გამოძიების დაწყების შემდეგ თემურ ალასანია პირადად ჩემთან მოვიდა, ფურცელზე დამიწერა „1“ -იანი და მითხრა – რამდენი ნულიც გინდა მიაწერე,ოღონდ ეს საქმე ჩაფარცხეო. არ უნდა ყოფილიყო გამოძიებული ფაქტი, რომ ვაზიანიდან გადიოდა იარაღი, მაგრამ მე მის შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, – ამ საქმეს არ შევწყვეტ, ბოლომდე მივიყვან!.. საქმე მართლაც ბოლომდე მივიყვანეთ, მაგრამ იცით, შემდეგ რა მოხდა?.. როცა პროკურატურამ 2004 წელს დამაკავა, თემურ ალასანია დაუპატიჟებელი სტუმარივით გამოცხადდა სასამართლო დარბაზში, ნიშნისმოგებით თავი დამიქნია და გავიდა, ანუ მიანიშნა, რომ სამაგიერო გადამიხადა“,- აცხადებს ლევან კენჭაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები