„გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატებს საქმე გაურჩია“

გაზეთი „პრაიმტაიმი“ ე.წ. მატროსოვის ციხეში მჯდომი ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატების ჩამოშორების მიზეზებზე სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, უგულავა დაქირავებული ადვოკატების მუშაობით უკმაყოფილოა. მეტიც, მან ზოგიერთი ადვოკატის კეთილსინდისიერებაშიც შეიტანა ეჭვი.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეზე უგულავამ ადვოკატებს საქმე გაურჩია. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ადვოკატი ბექა ბასილია პროკურატურასთან გარიგებაში დაადანაშაულა, რის გამოც მისი საქმიდან ჩამოცილება მოითხოვა. საუბარია ტელეკომპანია „იმედისა“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე. გამოცემის წყაროს ცნობით, მატროსოვის ციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს ბასილიამ პირობაც კი მისცა უგულავას, რომ მის ეჭვებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოგებით გაფანტავს.
თავად ადვოკატი ბექა ბასილია გაზეთთან საუბრისას პროკურატურასთან რაიმე სახის გარიგებას, უგულავას მხრიდან უკმაყოფილებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ იგი გიგის ადვოკატად რჩება საკონსტიტუციო სასამართლოში და „იმედისა“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდზე ჩამოცილების მიზეზებს განმარტავს.
„ამ საქმეს იმის გამო ჩამოვცილდი, რომ მქონდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და იყო დროში თანხვედრა. ამის გამო მოვითხოვე აცილება გიგის საქმეზე და ჩაერთო სხვა ადვოკატი-გიორგი კონდახაშვილი“, – განაცხადა ბასილიამ.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კონდახაშვილი სახაზინო ადვოკატმა ჩაანაცვლა.
ბასილიამ ასევე უარყო სტატიის ავტორის მიერ მოპოვებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც ადვოკატი ბექა ბასილია პროკურატურამ დაჰკითხა.
„არსებობს თუ არა პროკურატურაში კონკრეტული საქმეები, სადაც ბექა ბასილიას, როგორც ყოფილი პროკურორის, გადაცდომები იკვეთება? არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვთ ის სასტიკი მეთოდები,რომლებსაც ის პროკურორობის პერიოდში დაკავებულთა წინააღმდეგ იყენებდა. შეგნებულად არ ვასახელებთ იმ გოგონას ვინაობას, ვისაც სამი დღის განმავლობაში სწამლავდა ბასილია ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“,-წერს „პრაიმ-ტაიმი“.
თუმცა, აქვე, გამოცემა მეორე ვერსიაზეც საუბრობს და წერს, რომ უგულავა ადვოკატებს მიზანმიმართულად ცვლის და ასე ცდილობს, პროცესი გააჭიანუროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები