პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე განათლების მინისტრს და მის მოადგილეს მიმართავს
პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და მის მოადგილეს გიორგი შერვაშიძეს მიმართავს. როგორც დავითაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, უკვე მე-3 წელია საჯარო და კერძო კოლეჯებში სასწავლო წელი არა სექტემბრის თვეში, არამედ მოგვიანებით და, უკეთეს შემთხვევაში, ნოემბერში იწყება. დავითაშვილის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ დაგვიანებით ხდება აპლიკანტების რეგისტრაცია, შემდგომ ე.წ. ერთიანი ეროვნული ტესტირება და მხოლოდ ამ პროცესების დასრულების შემდეგ და ჩარიცხვების ბრძანებების გამოცემის საფუძველზე კომპლექტდებიან, ცალკეული პროფესიების შესაბამისად, სასწავლო ჯგუფები და კოლეჯებს ეძლევათ უფლება, დაიწყონ სწავლება.
პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე აუცილებლად მიიჩნევს, რეგისტრაცია აპლიკანტებმა უშუალოდ კოლეჯში გაიარონ და მასში არა ტესტირების, არამედ გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხონ. მისი თქმით, პრობლემას მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებიც ქმნის. მისი განმარტებით, ესაა პროგრამები, რომელთაც ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამ პროგრამების მეშვეობით პროფესიული კოლეჯის პედაგოგებს უმცირდებათ საათების ოდენობა. ეს მიმართულია იქითკენ, რომ პროფესიული განათლების ხარისხი შემცირდეს.
დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამას ავტორიზაცია მიანიჭეს მაშინ, როდესაც სასწავლო პროგრამებიდან სასწავლო პრაქტიკა ამოღებულია, დარჩა მხოლოდ თეორიული, ხოლო საწარმოო სწავლება ამოღებულ იქნა. ამის მიზეზი, მისივე თქმით, ის გახდა, რომ ავტორიზაციის პირობები ვერ შესრულდა, რადგან პროფესიულ კოლეჯებს სასწავლო სახელოსნოები, სადაც ხელობა უნდა ასწავლონ, გამართული არ აქვთ.
„მივმართავ თამარ სანიკიძეს და მის მოადგილეს გიორგი შერვაშიძეს. განათლების სამინისტრომ უფლება უნდა მისცეს კერძო და საჯარო პროფესიულ კოლეჯებს თვითონ ჩაატარონ რეგისტრაცია, რეგისტრირებულ სტუდენტებს გასაუბრება ჩაუტარონ და გასაუბრების შედეგად სწავლება 1 ოქტომბრიდან დაიწყოს. მათ უფლება უნდა მიეცეთ, კანონის შესაბამისად, წელს, მანამ, სანამ მოდულური პროგრამების პილოტირება ჩატარდება, მისი დანერგვის პროცესი გადადონ. შემუშავებულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებს ესაჭიროებათ კვალიფიციური ანალიზი, რადგანაც ნაჩქარევად დამტკიცებული პროფესიული სტანდარტების და ჩარჩო -დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი პროგრამები დააზარალებენ კოლეჯების პედაგოგებს, ვინაიდან, მიუხედავად გაზრდილი კრედიტების რაოდენობისა, დაუსაბუთებლად მომატებულია დამოუკიდებელი საათების რაოდენობა, რის გამოც პედაგოგებს თეორიისა და პრაქტიკული მეცადინეობებისათვის გამოყოფილი საათების გამო პრაქტიკულად შეუმცირდებათ ყოველთვიური ანაზღაურება. ეს კი დაუშვებელია, ვინაიდან დამოუკიდებლად ჩატარებული საათები ვერ გააუმჯობესებენ პროფესიული განათლების ხარისხს და, ამავე დროს, პედაგოგების მიერ ჩასატარებელი თეორიული და პრაქტიკული საათების შემცირება, რასაკვირველია, ცუდ გავლენას მოახდენს პროფესიული სტუდენტების ცოდნის და უნარების მიღებაზე“,- აღნიშნა დენის დავითაშვილმა.