მამუკა არეშიძე რუსეთიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს

„აფხაზური ღვინის ოდენობამ რუსულ ბაზარზე დანარჩენი საქართველოდან შეტანილ ღვინოს კარგა ხანია გაუსწრო“, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს.
„პროვოკაცია შეიძლება იყოს მრავალნაირი, მაგალითად, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა, ბანერების დადგმა, საჰაერო სივრცის პერმანენტული დარღვევა, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის შევიწროება და ა.შ. სხვათა შორის, პროვოკაცია შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაგეგმონ.
შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ თურქეთში შაჰ-დენიზის გაზსადენი ააფეთქეს და ეს შეფასდა ოფიციალური ანკარის წინააღმდეგ ქურთების ქმედებად, მაგრამ რუსეთს დიდი გავლენა აქვს ქურთებზე და შესაძლოა, ამგვარ ქმედებებს სხვა მიზანიც ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, სამხედრო ინტერვენციასა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთას მე არ ველი. ამ ეტაპზე არც ეკონომიკური სანქციების შემოღებას ვვარაუდობ, რადგან ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში, არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია. ცოტა სასაცილოა, მაგრამ აფხაზური ღვინის ოდენობამ რუსულ ბაზარზე დანარჩენი საქართველოდან შეტანილ ღვინოს კარგა ხანია გაუსწრო. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ აფხაზური ღვინის ნაწილი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან შეტანილი ყურძნისგანაა დაყენებული. რომც დაგვიწესონ ეკონომიკური სანქციები, ეს არ იქნება იმ მასშტაბის ტრაგედია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე მიმართულებით პოზიცია შეცვალოს“, – განაცხადა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები